ციხეში ტესტირება დაწყებულია, აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს – ლორთქიფანიძე

იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრებს ტესტირება უტარდებათ და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.

“პენიტენციურმა სისტემამ დაიწყო 31 დეკემბრიდან პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირება. პირველ რიგში, ამას არასრულწლოვნების პენიტენციური დაწესებულება დაექვემდებარა, სადაც ყველა ტესტი იყო უარყოფითი. შემდეგ გადავედით ქალთა დაწესებულებაზე და 23 შემთხვევაში დადასტურდა კოვიდი. ყველა ეს ადამიანი და მათი თანამესაკნეები არიან იზოლირებული. ყოველ ამ შემთხვევაში ხდება მყისიერი რეაგირება და სისტემა ეფექტურად ფუნქციონირებს. არავითარი საფუძველი იმ აჟიოტაჟისა და დეზინფორმაციის… ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ამ 9 000-მდე პატიმარი ადამიანის წინაშე, მათი ოჯახების წინაშე, რომლებიც გვიყურებენ, შეშფოთების არავითარი საფუძველი არ არსებობს”, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ცნობისთვის, ქსნის პენიტენციური დაწესებულების 1 პატიმარი კორონავირუსით გარდაიცვალა.