ცოლის გარდა, ახმეტაში კაცმა ქალის არასრულწლოვანი ნათესავიც დაჭრა – შსს

შსს-ს ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში  კაცმა ცოლის გარდა, ქალის არასრულწლოვანი ნათესავიც დაჭრა.

ქალის მდგომარეობა სტაბილურია.

ოპერაციის ჩატარების შემდეგ, ის ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.

დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, მეუღლე – 1981 წელს დაბადებული თ.ო. და მეუღლის ნათესავი – 2009 წელს დაბადებული გ.მ. ცივი იარაღით დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში, 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.