ცრუ ინფორმაცია გავრცელდა – გომელაური პოლიციელების მიერ მოძღვრის ოჯახის წევრებზე ძალადობას უარყოფს

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ჭიათურაში სასულიერო პირის ოჯახის წევრებზე ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიციას არ უძალადია.

მისი თქმით, ამ საქმეზე მოკვლევა მიმდინარეობს, თუმცა ოპერატიული ინფორმაცია აქვს, რომ ძალადობა არ მომხდარა.

,,თქვენ დარწმუნებული ბრძანდებით, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს, აგინეს მათ? ამაზე არსებობს უამრავი სამსახურები. სამწუხაროა, როცა ასეთი რამ ხდება არა მარტო საქართველოში, მსოფლიოში. ამაზე ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. მე შევასწავლინე ჩვენს გენერალურ ინსპექციას ეს თემა. არაფერი არ მომხდარა.

არსებობს ძალიან ბევრი სამსახური – პროკურატურა, სახალხო დამცველი, სახელმწიფო ინსპექტორი, რომლებსაც შეუძლიათ მიმართონ და გამოიძიონ, გამოიკვლიონ და დავსაჯოთ ის ადამიანები. მაგრამ მე გეუბნებით და ამას თამამად ვიძახი, ეს თემა არ მომხდარა, რომ [პოლიციელმა] ცემა ვიღაც, ან გარეთ ძალით წაიყვანა, შეუზღუდა თავისუფლება და ა.შ. არ არის ეს სწორი ინფორმაცია. მოიკვლევენ და ნახავთ. მოკვლევა დასრულებული არ არის. ოპერატიული ინფორმაცია რაც მაქვს დარწმუნებით გეუბნებით, რომ ეს არ მომხდარა. არანაირი ძალადობა სასულიერო პირის ოჯახზე არ ყოფილა“, – განაცხადა გომელაურმა.

ჭიათურაში მცხოვრები გიორგი კაპანაძის თქმით, 8 აპრილს საღამოს ე.წ კომენდანტის საათის დარღვევის გამო მას პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენე. ის ყვება, რომ სიგარეტი დაუმთავრდა და მეზობელთან გადავიდა, რათა მისთვის აივნიდან სიგარეტი გამოერთმია, რის შემდეგაც, რამდენიმე წუთში მასთან პოლიციელები მივიდნენ და უთხრეს, რომ სამმართველოში უნდა გადაეყვანათ, რასაც შელაპარაკება მოჰყვა და პოლიციელებმა სამმართველოში ჯარიმის დასაწერად ძალის გამოყენებით წაიყვანეს.

თავად მოძღვარი, რომლის ოჯახის წევრებიც პოლიციამ 18 ათასი ლარი დააჯარიმა, ამბობს, რომ ამ თანხას მისი ,,ქალაქი გადაიხდის”. ის სამართალდამცველებს ამართლებს და აღნიშნავს, რომ ერთმანეთზე უბრალოდ გაბრაზდნენ. ,,რატო ახლა, რატო გაბრაზდებიან, რომ გამაბრაზო, არ გავბრაზდები?!”,- პასუხობს ჟურნალისტს კაცხის ეკლესიის წინამძღვარი.