ცუდადა ვარ, ტვინი აღარ მიმუშავებს, როდესაც კინკალობებს ვუსმენ – ვაშაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ის კვლავ ოპოზიციის საერთო კანდიდატია, უბრალოდ ნაციონალურმა მოძრაობამ დაუყენა კანდიდატი. მისი თქმით, ისანში ნაცმოძრაობის გარდა მას ყველა მხარს დაუჭერს, საკუთარი კანდიდატის დაყენებით კი ენმ–მ დიდი შეცდომა დაუშვა.

ვაშაძე აღნიშნავს, თაკო ჩარკვიანთან ერთად პოლიტიკური პლატფორმა იმიტომ შექმნა, რომ კულუარული თამაშები და კინკლაობა მობეზრდა.

“არ შემიძლია და მომბეზრდა კინკლაობა, მომბეზრდა კულუარული თამაშები. ეს ჩემი საქმე არ არის. ჩემი საქმეა საჯარო სივრცე, ხალხთან კონტაქტი, მათი ნუგეში, ახალი პროექტების შექმნა, განვითარების გეგმების კეთება, და ჭორაობა, იმან გატეხა პირობა – იმან გადააგდო ერთი, ამან მეორე. ცუდადა ვარ, ტვინი აღარ მიმუშავებს, როდესაც კინკალობებს ვუსმენ. ასეთი ადამიანი ვარ, ჩემი ტვინი კვდება, როგორც კი კინკალობაში შევდივარ. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, მე ჩემი გზა მაქვს და საქართველოს აღმშენებლობის პროცესში ლომის წვლილს შევიტან ჩემს თანაგუნდელებთან ერთად”, – ამბობს ვაშაძე.

ცნობისთვის, გიორგი ვაშაძე ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატია ისნის ოლქში. ძალა ერთობაშიას დატოვების შემდეგ, ნაციონალურმა მოძრაობამ ამავე ოლქში საკუთარი კანდიდატი, ხატია დეკანოიძე დააყენა.