ცქიტიშვილის თქმით, პოლონეთს საქართველო საზღვრებს იმიტომ არ უხსნის, რომ მაღალი ავადობა აქვთ

ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, პოლონეთი მზად არის, რომ საქართველოს საზღვრები გაუხსნას, თუმცა საქართველო საპასუხოდ იმიტომ ვერ უხსნის, რომ მაღალი ავადობა და რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა აქვთ.

“პოლონეთს დღეს საზღვრები გახსნილი აქვს უკრაინასთან, სადაც ყოველდღიურად რამდენიმე ასეული შემთხვევა ფიქსირდება, 500-1000 შემთხვევაზე მეტი. პოლონეთში, სამწუხაროდ, მაღალი ეპიდემიოლოგიური ფონია. პოლონეთი კი არის მზად რომ საქართველოს გაუხსნას საზღვარი, სადაც ავადობის მაჩვენებელი დაბალია, მაგრამ სამწუხაროდ, პოლონეთშია მაღალი ავადობა. ჩვენ თუ გვინდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ეკონომიკას და მოქალაქეების ჯანმრთელობას, ჩვენ საკმაოდ ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ამ ზონებს“, – თქვა ცქიტიშვილმა.

მინისტრი აღნიშნავს, რომ რთულდება ვითარება ევროპის იმ ქვეყნებში, რომლებსაც საზღვრები გახსნილი აქვთ.

„უშუალოდ ევროპაშიც სამწუხაროდ, უარესდება ეპიდემიოლოგიური ვითარება. გუშინ იტალიამ 13 ქვეყანას დაუკეტა საზღვარი. ასევე რთულდება ვითარება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საბერძნეთი, სადაც აქტიურად გაიხსნა კარი ყველა ტურისტისთვის და საბერძნეთიც ფიქრობს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნისთვის შეზღუდვების ხელახლა დაწესებას. საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვენს ქვეყანაში მოვლენილ ელჩებთან და ასევე საკონსულოებთან ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს და დამერწმუნეთ, არავითარი უკმაყოფილლება არ არის. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის ეკონომიკის წინაშე. დღეს გვაქვს საშუალება გახსნილი გვქონდეს პრაქტიკულად ყველა ბიზნესი, უნდა გვახსოვდეს, რომ ამას გავუფრთხილდეთ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.