ძალადობა მოზარდზე – პოლიციელებს ბრალი წარედგინათ, ისინი დანაშაულს არ აღიარებენ

საქართველოს პროკურატურამ მეტროსადგურ ,,ისანში“ არასრულწლოვანზე ძალადობისთვის დაკავებულ პატრულ-ინსპექტორს არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ხოლო ინციდენტში მონაწილე მეორე პატრულ-ინსპექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალდება წარუდგინა.

“ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 23 იანვარს, მეტროსადგურ „ისანის“ შენობაში განთავსებულ პოლიციის ოთახში, პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ. არაადამიანურად მოეპყრო არასრულწლოვან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ლ.ა.-ს. პატრულ-ინსპექტორმა დაზარალებულ არასრულწლოვანს რამდენჯერმე დაარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ძალადობის ფაქტის შემსწრე მეორე პატრულ-ინსპექტორმა კ.ბ.-მ, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებული იყო აღეკვეთა მისი მეწყვილის ძალადობრივი ქმედება, ასევე, სამართლებრივი რეაგირება მოეხდინა დანაშაულებრივ აქტზე და ეცნობებინა ფაქტი შესაბამისი უწყებისთვის, აღნიშნულის საპირისპიროდ, რათა არ მომხდარიყო მისი მეწყვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენა ბოროტად და არ შეასრულა არცერთი ზემოაღნიშნული ვალდებულება”,- აცხადებს პროკურატურა.

უწყების ცნობით, ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს.

“პროკურატურა სასამართლოს ასევე, ბრალდებულების თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”,- აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, დაკავებული პოლიციელები ბრალს არ აღიარებენ.

“არც ერთი ბრალდებული არ აღიარებს წარდგენილ ბრალს. […] თუ გამოიკვეთება ისეთი გარემოება, რაც კვალიფიკაციის შეცვლას გახდის საჭიროს, შესაბამისად პროკურატურა აღნიშნულზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს. ბრალის შინაარსთან დაკავშირებულ დეტალებზე ვერ მოგახსენებთ”, – თქვა გამომძიებელმა.