“ოპოზიციას შენიშვნას კი არ ვაძლევ, ყველას თავისი სტილი აქვს, მაგრამ როდესაც ამხელა სასამართლოებია,  ლიდერების მეტი ჩართულობა უნდა იყოს, რა ხდება საერთოდ, ვერ გავიგე. კარგი, გავიგეთ, ნიკა მელიამ თქვა, რომ დღის წესრიგში უპირველესად არ არის მიხეილ სააკაშვილიო. ცოტა სასაცილოა ამას რომ ეუბნები მიხეილ სააკაშვილის ამომრჩეველს, რომლის ხმებითაც ხარ. აბა, ახლა ნიკა მელიას ხმები კი არ არის, მოდი რა, დარჩეს მარტო და ვნახავ ერთი, რა ხმები აქვს. ძალიან გამაღიზიანებლად იქცევა ბოლო დროს, მე დავინდე ორჯერ და აღარ ვაპირებ დანდობას. მაპატიეთ, მაგრამ ყველას ჰგონია, პარტიის ხელმძღვანელად რომ მოვლენ, ეს მათი ხმებია, ასე არ არის, ლიდერია ის კაცი. შეცდომები მოუვიდა თუ არ მოუვიდა, იმდენი, რაც მას აქვს სახელმწიფოსთვის გაკეთებული, ჯერ რომელიმემ გააკეთოს და მერე ვილაპარაკოთ”

თქვა პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა TV კავკასიის ეთერში. ცნობისთვის, გუშინ ნიკა მელიას არ უთქვამს, რომ “დღის წესრიგში უპირველესად არ არის მიხეილ სააკაშვილი”, არამედ მან განაცხადა, რომ “ციხეში მოხვედრილი კაცის ციხიდან გამოყვანის დღის წესრიგის შექმნა, კალენდარის დაწერა შეუძლებელია”. მისივე აზრით, სიტუაციიდან გამოსავალია პარტიაში “ბევრი ახალი ადამიანის მოზიდვა, პარტიული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და სწორი მომენტის დანახვა, სტრატეგიული თმენა”.