ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ჩემი სარჩელი – გვარამია

ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ჩემი სარჩელი, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

„ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ჩემი სარჩელი. ერთმა მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ საქმე საერთოდ არ განიხილება და მან ისეთი ვერაფერი დაინახა საქმეში, რაც მსოფლიოს ყველა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ დაინახა და ხმამაღლა გააპროტესტა.

მართალია, სამწუხარო ამბავია, მაგრამ „რ2“-ის საქმეზე ამავე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ჩემთვის გასაკვირი ნამდვილად არაა.

არა უშავს, შეიცვლება ხელისუფლებაც, შეიცვლება სასამართლოც და ყველა პოლიტიკური საქმის ყველა დეტალს დაწვრილებით გავიგებთ, ჩვენც და ევროპული სასამართლოც“, – წერს ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამიამ სტრასბურგის სასამართლოს იმის მერე მიმართა, რაც მისი სარჩელი უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო და ძალაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამია პატიმრობაში რჩებოდა.