“ძალიან მტრული მეჩვენება გარემო“–როგორ ატარებს ნინო კასრაძე იძულებით თვითიზოლაციას

მსახიობი ნინო კასრაძე საფრანგეთიდან ჩამოსვლის შემდეგ სავალდებულო თვითიზოლაციაშია.  მთავარი არხის ეთერში მან ისაუბრა, როგორ ატარებს დროს საკუთარ სახლში, რომელიც ქალაქგარეთ მდებარეობს.  წამყვანების კითხვაზე, აღმოაჩინა თუ არა თვითიზოლაციაში ახალი სამყარო, მსახიობი პასუხობს:

“სულ ახალი სამყარო არ აღმოვაჩინე, უბრალოდ ცოტა სხვანაირი. უკვე შვილები გაიზარდნენ. ერთი ჩვიდმეტის არის, მეორე თხუთმეტის. ამდენი დრო არასოდეს არ გვქონია რომ ერთად გაგვეტარებინა. საფრანგეთშიც კარანტინშიც ვიყავით, ფაქტიურად ერთი თვეა რაც ყველა ერთ სივრცეში ვართ და ამის საშუალება არასოდეს არ იყო და ამიტომ რაღაცა ახალი სამყარო აღმოვაჩინე და უკმაყოფილო არ ვარ, გააჩნია რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი.“

გადაცემის ერთ–ერთი თემა იყო, პანდემიის პირობებში უბრუნდებიან  თუ არა ადამიანები მიწასთან მუშაობას, რადგან ამით პირველად საწყისს უახლოვდებიან. კითხვაზე, არის თუ არა დაკავებული მიწათმოქმედებით მის ეზოში,  ნინო კასრაძე პასუხობს, რომ არა:

“მქონდა ბოსტანი, მაგრამ მოვშალეთ, მიზეზები ქონდა, მაგრამ ახლა ვფიქრობ რომ ავაღორძინო. არანაირი განცდა არ მაქვს ახლა და არც სურვილი. ისეთი მტრული მეჩვენება გარემო, მიუხედავად იმისა, რომ ტყეები, ყვავილები მაინც ამოდიან და გულს სითბოთი გივსებენ, მაგრამ ის სიმშვიდე და სიხარული აღარ არის, რომელიც იყო: მგონი ახლა სხვა ძალები უნდა ჩავრთოთ, სხვა ძალები უნდა ჩაერთოს და არა უბრალოდ ესეთი ბუნების აღქმა, რაღნაირი პასტორალური,  ახლა შიგნით გადაწყობა უნდა მოხდეს ჩემი აზრით.

მიწასთან დაბრუნება, თუ ეს იქნება საწყისთან დაბრუნება, ამას მივესალმები, თუ ეს ცვლილება მოხდა სიღრმისეულად, ესეიგი გზავნილი აღქმულია. მაგრამ თუ ეს არის ის, რომ თავი გავირთოთ მაშინ არა.

პროტესტიც მაქვს ახლა რომ რაღაცნაირად თითქოს ეს გაქცევაა ჩემთვის.

მე ვფიქრობ, რომ შიგნითაც უნდა დავიმუშაოთ თავები, სული უნდა მოიხნას შიგნით, რაღაცნაირად უნდა დამუშავდეს. უნდა მოხდეს ამოტრიალება და კითხვის დასმა, რა მოხდა? მეც სულ ვფიქრობ ჩემი რა წვლილი იყო ამ ყველაფერში.

უამრავი ადამიანი, რომელიც დღეს იბრძვის ამ ომში ძალიან მაიმედებს. იმედი მაქვს, რომ ჩვენს შიგნით, ჩვენში რომ მოხდება ცვლილება ეს რაღაცა უცებ გაჩერდება ჩვენს სასიკეთოდ, ასე რომ მომავალ გამარჯვებას გილოცავთ.“– ამბობს ნინო კასრაძე.