“წადით სანამ გაგაგდებთ, ან გაჩუმდით“– სილქნეტის თანამშრომლების აქცია კომპანიის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ

კომპანია სილქნეტის თანამშრომლებმა სილქნეტის ოფისთან აქცია გამართეს. ისინი კომპანიის ხელმძღვანელობას საკუთარ მოთხოვნებს უყენებენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი ბოლო სამი წლის განმავლობაში სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ანაზღაურების გაზრდას ითხოვდნენ, თუმცა კომპანიისგან მიიღეს პასუხი, რომ თუ პირობები არ მოწონდათ სამსახური დაეტოვებინათ. აქციის მონაწილეების თქმით მას შემდეგ, რაც სამუშაო პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს კომპანიამ მათი ნაწილი იძულებული გახადა  სამსახური დაეტოვებინა, ნაწილი კი თვითონ გაათავისუფლა.

სილქნეტის თანამშრომლები, რომელთა დიდი ნაწილი ოპერატორია ამბობენ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში კომპანიას ბევრი სხვადასხვა სერვისი დაემატა და აბონენტთა რაოდენობაც გაიზარდა, შესაბამისად გაიზარდა მათი დატვირთვა, თუმცა ანაზღაურება არ გაზრდილა.

როგორც სილქნეტის ყოფილი ოპერატორი, ვასილ თედიაშვილი ამბობს, ისინი კომპანიას ტექნიკური საშუალებების გაძლიერებასაც თხოვდნენ, რადგან გაუმართავი მოწყობილობის გამო აბონენტთა ხარისხიან მომსახურებას ვეღარ ახერხებდნენ, გაღიზიანებული აბონენტები კი მათ ტელეფონზე შეურაცხყოფას აყენებდნენ.

თანამშრომლები ხელფასის გაზრდასაც მოითხოვენ, რადგან მათი სამუშაო დატვირთვის გაზრდის მიუხედავად ხელფასი არც ერთხელ არ გაზრდიათ.

პრობლემები გაიზარდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გამო თანამშრომელთა ნაწილს დისტანციურად მუშაობისთვის საკუთარი ხარჯებით ტექნიკის შეძენაც კი მოუწია, რადგან კომპანიამ ისინი სათანადო ტექნიკით არ უზრუნველყო.

“კომპანია გვპასუხობდა, რომ რესურსი არ აქვთ და ან იმ პირობებში უნდა გვემუშავა, რაც ქონდათ ან წავსულიყავით სამსახურიდან.

ყველას დაგვირეკეს სათითაოდ და ყველას გვითხრეს, ან წადით სანამ გაგაგდებთ, ან გაჩუმდით დარჩით და იმუშავეთ ამ პირობებში.“

სილქნეტის თანამშრომელთა ნაწილი, რომელთაგან ბევრი სამსახურიდან უკვე გაათავისუფლეს მძიმე სამუშაო გრაფიკზეც საუბრობს. მათი თქმით ერთ–ერთი თანამშრომელი საკუთარი ქორწილის დღეს არ გაუშვეს სამსახურიდან.

დღევანდელი აქციის მონაწილეებს იმედი აქვთ, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა რეალურად შეაფასებს მდგომარეობას და მათთან მოლაპარაკებას დაიწყებს.