წამალის დაფინანსებაზე უარს არ გეუბნებით, საჭიროა ცოტა მოცდა – ღარიბაშვილი მშობლებს

“წამალის დაფინანსებაზე უარს არ გეუბნებით, საჭიროა ცოტა მოცდა ” – ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ღარიბაშვილის თქმით, მედიკამენტს ქვეყანაში მას შემდეგ შემოიტანენ, რაც მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაამტკიცებს.

“ჩვენ უარს არ გეუბნებით ჩემო ძვირფასო მოქალაქენო. თანხაზე არ არის საუბარი, ეს შეიძლება იყოს დაახლოებით 10 მილიონზე და ეს თანხა ჩვენთვის არ არის პრინციპული და კრიტიკული, მაგრამ ღმერთმა დაიფაროს, თუ ამ წამლის მიცემით შეიძლება ისე გართულდეს ამ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ უფრო ცუდად წავიდეს მათი ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა იქნება ჩვენი ანუ მთავრობის, ამიტომ საჭიროა ცოტა მოცდა, დრო გჭირდება. სამინისტრო მზადაა ერთად გავიაროთ ეს პროცესი, დაველოდოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საბოლოო დასკვნებს, მათ მითითებებს და ამის შემდეგ მოხდება ამ პროგრამის ამოქმედება”, – თქვა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები განცხადებას აკეთებენ და აღნიშნავენ, რომ მათ სურთ, რომ პრემიერმინისტრმა “დაზუსტებით” უთხრას მშობლებს პასუხი აფინანსებს თუ არა სახელმწიფო ბავშვებისთვის მედიკამენტს. ისინი ასევე ამბობენ, რომ უარის შემთხვევაში, არ დანებდებიან და გააგრძელებენ ბრძოლას.

“ჩვენ მშობლები ვართ ძალიან მკაცრნი, საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინში გაყინულნი და დამცირებულნი. ასეთი არასდროს არ ვყოფილვართ, მაშინაც არ ვყოფილვარ ასეთი გამწარებული, როდესაც ჩემი შვილის დიაგნოზი გავიგე. ჩვენ წუხელ გვქონდა უმძიმესი ღამე, ვიყავით წვიმაში, სიცივეში და კანკალში, მაინც არავინ არ მოგვაქცია ყურადღება. ამიტომ ახლა ველოდებით პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებას, გვითხრას საბოლოო პასუხი, გვიფინანსებს თუ არ გვიფინანსებს მედიკამენტს. წავალთ ჩვენ აქედან სახლში მედიკამენტის მიღების დაპირებით არა, დაზუსტებით. ჩვენ ერთი წელი ვითმინეთ, წელიწადი და ოთხი თვე ჯანდაცვის სამინისტროდან დაპირება, ყოველდღიური და ყოველთვიური ამიტომაც, არანაირი დაპირება, მხოლოდ და მხოლოდ გვითხრას გვიფინანსებს თუ არ გვიფინანსებს მედიკამენტს, ჩვენს შვილებს სწირავს თუ არა სამუდამოდ ტკივილისთვის , ტანჯვისთვის და ინვალიდობისთვის თუ ჯანმრთელობის უფლებას აძლევს. ჩვენ მშობლები არ დავიღლებით. თუ იქნება უარყოფითი გადაწყვეტილება და იქნება, რომ ჩვენი შვილები არ არიან ამ სახელმწიფოსგან აღიარებულები, არ დავტოვებ ამ ქვეყანას, აქ ვიბრძოლებ, ამ ქვეყანაში ჩემი სამი შვილით. დღეს თუ ჩვენ დავმარცხდით დამარცხდება საქართველოს ყველა ბავშვი.”– ამბობენ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები.