“წამალი ბავშვებს” – მთავრობის კანცელარიასთან აქცია მიმდინარეობს

მთავრობის კანცელარიასთან  აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების აქცია მიმდინარეობს. მშობლების მხარდასაჭერად აქციას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც უერთდებიან. პროტესტის დაწყების შემდეგ, ისინი მსვლელობას გამართავენ საქართველოს პარლამენტთან.

“ჩვენ გვინდა, მოსახლეობამ გააგებინოს [ხელისუფლებას] რომ ჩვენ მარტო არ ვართ, გარიყულები არ ვართ, როგორც თვითონ გაგვრიყეს, მხარში გვიდგანან და შეძახილებით და ხმაურით გვინდა მივაღწიოთ იმას, რაც ჩვენ გვეკუთვნის და სასწრაფოდ დაუნიშნონ ჩვენს ბავშვებს წამალი. ჩვენ ვართ სრულიად წმინდა, ბავშვური საყვარელი ადამიანები და მიგვიღეთ როგორიც ვართ”, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მშობლები მე-12 დღეა, მთავრობის კანცელარიასთან ღამეს ათევენ – ისინი პრემიერმინისტრთან შეხვედრას, მედიკამენტის შემოტანას და შემოტანის ვადებზე მისგან ოფიციალურ ხელმოწერას ითხოვენ. მშობლებმა ამ საკითხზე ხელისუფლებასთან კომუნიკაცია წელიწად-ნახევრის წინ დაიწყეს, თუმცა უშედეგოდ.