წელს საახალწლო სოფელი არ გაკეთდება, 700-800 ათასი ლარი გვიჯდებოდა – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წელს საახალწლო სოფელი არ მოეწყობა და მასში დასახარჯი თანხა სარეზერვო ფონდში გადაირიცხება.

“გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ წელს საახალწლო სოფელი ვერ გაკეთდება. იმიტომ, რომ ეს, ფაქტობრივად, ქმნის მიზიდულობის ცენტრს და ძალიან დიდი საფრთხე იყო იმისი, რომ ბევრი ადამიანი მივიდოდა ბავშვებით, ბებიებით, ბაბუებით. რა თქმა უნდა, გაჭირდებოდა კონტროლი და უხერხული იქნებოდა, მოსული ადამიანისთვის გეთქვა, რომ აი, თქვენ არ შეხვიდეთ, იმიტომ, რომ ბევრი ხალხია.

თუმცა, ასევე მინდა ერთი რაღაც ვთქვა, რომ ჩვენ, დაახლოებით, 700-800 ათასი ლარი გვიჯდებოდა საახალწლო სოფლის გაკეთება. ეს თანხები, რაც უნდა დახარჯულიყო საახალწლო სოფლის მოწყობაში, მიმართულიიქნება სარეზერვო ფონდში და დავეხმარებით იმ ოჯახებს, ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა. ეს იქნება საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა წინასაახალწლო დღეებში და ამისთვის პლატფორმა შექმნილი გვაქვს”,– ამბობს კალაძე.