წმ. ბარბარეს ტაძარში ისტორიული საფლავები და წარწერები გაანადგურეს – ტიგინაშვილი

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოებს, რომელშიც ჩანს, რომ ნავთლუღის წმ. ბარბარეს ქვემო ეკლესიაში ისტორიული საფლავები განადგურდა. ტიგინაშვილის ინფორმაციით, განადგურებულია თავად სუმბათაშვილების მე-19 საუკუნის საფლავები და მათზე აღბეჭდილი წარწერებიც.

მისი თქმით, ეს ყველაფერი ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ ისე არხოზიშვილის ხელმძღვანელობით უკანასკნელ წლებში მოხდა.

“1) აღნიშნული კადნიერებისა და მავნებლობის შედეგად განადგურდა თავადი სუმბათაშვილების მე-19 საუკუნის საფლავები და მათი წარწერები, რაც დიდი ისტორიული დანაკლისია, მით უფრო, რომ ეს ეპიგრაფიკული ძეგლები მეცნიერულად შესწავლილი და ფოტოფიქსირებული არ იყო;

2) მე-18 საუკუნის ნატეხი და რიყის ქვით ნაშენი დარბაზული ეკლესიის ფასადების კედლები მთლიანად დაფარულ იქნა ახალი ქვის (ნიჩბისის ნატეხი ქვა) პერანგით, რითაც სრულად დაიფარა ტაძრის უნიკალური, ისტორიული იერსახე და არქიტექტურა, რაც ასევე უნდა შეფასდეს, როგორც ძეგლის განადგურება და უმძიმესი დაზიანება”,– წერს თეოლოგი.

ჯერჯერობით კომენტარი არ გაუვრცელებია არც საპატრიარქოს და არც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს.