“გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან გაკვირვებული ვარ. 2012 წელს მე ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა ქალბატონ წულუკიანთან. მე მაშინ საქართველოში მის ოფისში ვიყავი და ბევრი ვისაუბრეთ. ორივეს ძალიან გვიხაროდა, რომ ნაციონალური მოძრაობის და მიშას გადარჩევა მოხდა კანონის უზენაესობაზე, ციხეებში პატიმრების საკითხებზე, დემოკრატიულ რეფორმებზე ჩვენ აბსოლუტურად ერთ მხარეს ვიყავით. მე ვიცი, რომ ის ძალიან განათლებულია, წლების განმავლობაში მუშაობდა ევროპაში, ევროპული სასამართლოსთვის. ის იყო დემოკრატიის მხარდამჭერი, მაგრამ ახლა რაღაც მოხდა.

არანაირი იდეა არ მაქვს, რატომ გახდა ის ასეთი რადიკალური და რატომ ავრცელებს ასეთ ინფორმაციას. მე არ ვარ ნაციონალური მოძრაობის ბანაკში და არც არასდროს ვყოფილვარ. მიკვირს, რატომ ამირჩია მე, რადგან აქ, ევროპარლამენტში 5 მსხვილი პარტია ვართ, ვინც ერთნაირად ფიქრობს მიმდინარე პროცებზე საქართველოში.

მისი ბრალდებები ჩემზე არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და იმედგამაცრუებელი. წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი. როცა პუტინს აკრიტიკებენ, მათ რუსოფობებს ეძახიან, არადა ეს კრიტიკა არ მიემართება რუს ხალხს, ჩვენ ვაკრიტიკებთ პუტინის რეჟიმს. ასეა საქართველოს შემთხვევაშიც, ჩვენ ვაკრიტიკებთ არა ქართველ ხალხს და საქართველოს, არამედ ხელისუფლებას, როგორც საქართველოს წარმომადგენელს, რადგან მოვლენები მათი მხრიდან არასწორი მიმართულებით ვითარდება”

ასე პასუხობს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს, რომელმაც მასზე და საქართველოს უცხოელი პარტნიორების ნაწილზე თქვა, რომ ისინი არიან “უცხოელი ნაცები” და სურთ საქართველოს მთავრობის “გადაყირავება”.