წულუკიანმა ვერ გაბედა თავისი ტელეფონის ნომრის დასახელება, გაბედოს! – ელისაშვილი

“თეა წულუკიანმა ვერ გაბედა თავისი ტელეფონის ნომრის დასახელება. გაბედოს!” – ასე პასუხობს ალეკო ელისაშვილი თეა წულუკიანს.

მისი თქმით, ხალხის პრობლემებს ვერასდროს გაიგებენ პარლამენტის შენობიდან, თუ ნომერს არ გამოაცხადებენ.

“თეა წულუკიანმა ვერ გაბედა თავისი ტელეფონის ნომრის დასახელება. გაბედოს! რად მინდა გვარამიას ტელეფონს რომ მეუბნება, ვიცი გვარამიას ნომერი და თუ მჭირდება, ვუკავშირდები. ეს არის, რომ “ქართული ოცნება” მოწყვეტილია ხალხს. ამის სათქმელად ვართ აქ შემოსულები ზუსტად, რომ ხალხის სათქმელის გამხმოვანებლები ვიყოთ და ხალხის პრობლემებზე ვლაპარაკობდეთ. ხალხის პრობლემებს ვერასდროს გაიგებ ამ შენობიდან, თუ შენ ნომერს არ გამოაცხადებ. ეყოთ გამბედაობა და გამოაცხადონ! ჩვენ აქ ვართ ხალხის სამსახურისთვის და უკეთესი საქართველოსთვის.

აწი ნახეთ კრიტიკა ჩვენგან! ვისაც ჰგონიათ, რომ “ქართულ ოცნებასთან” შეკრულები ვართ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მაგრამ ყოველი დღე გამოავლენს, რომ ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილება მივიღეთ დამოუკიდებლად. აქ ვართ იმისთვის, რომ “ქართულ ოცნებას” ნებისმიერ დროს მივუთითოთ შეცდომებზე, დანაშაულზე და ამით ეს ქვეყანა წინ წავიყვანოთ”,- განაცხადა ელისაშვილმა.

ქართული ოცნების დეპუტატმა თეა წულუკიანმა ალეკო ელისაშვილს მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი მისცა და ჰკითხა, თუ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, პარლამენტში რას აკეთებს.

ამის შემდეგ, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მის ტელეფონზე ზარები არ ჩერდება. ის მისი ტელეფონის ნომრის გასაჯაროვებას პოლიტიკური დევნის მორიგ მტკიცებულებად მიიჩნევს და სახალხო დამცველს და საელჩოებს მიმართავს.