ინსპექტორ-გამომძიებელს პოლიციელის მკვლელობისთვის ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ შსს ხობის რაიონული სამმართველოს ჭალადიდის პოლიციის განყოფილებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს ბრალდება წარუდგინა.

“პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდებარე, შსს ხობის რაიონული სამმართველოს ჭალადიდის პოლიციის განყოფილების შენობაში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასზე განპიროვნებული სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით, ამავე განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელს ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა”,– აცხადებს უწყება.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.