ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე გაერომ სახელმწიფოს კონპენსაციის გადახდა და შვილებისთვის ბოდიშის მოხდა დაავალა

ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე გაერომ სახელმწიფოს კონპენსაციის გადახდა და შვილებისთვის ბოდიშის მოხდა დაავალა.  გაეროს ქალთა უფლებების კომიტეტმა  საქართველოს მოუწოდა, ჩაატაროს სწრაფი, საფუძვლიანი და დამოუკიდებელი გამოძიება ჯეირანოვას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით და დასაჯოს პასუხისმგებელი პირები. ამის შესახებ, საფარის აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს.

“ხანუმ ჯეირანოვას საქმე მოვიგეთ გაეროში. ვზივარ და ვტირი, განსაკუთრებით იმ ნაწილზე, სადაც კომიტეტმა საქართველოს დაავალა ბოდიში მოუხადოს ხანუმ ჯეირანოვას შვილებს. 2014 წელს ვთქვი, რომ მკვდარი თუ მოკლული ხანუმას საქმეს ბოლომდე მივიყვანდი, სამართლიანობა ნელა მოდის, მაგრამ მოდის”, – წერს ბაია პატარაია ფეისბუქგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში 30 წლის ხანუმ ჯეირანოვა,  ჩამომხრჩვალი იპოვეს. ხანუმ ჯეირანოვა ქმრის ოჯახის წევრებმა სასტიკად სცემეს შვილების თვალწინ, რამაც შემდეგ მისი სიკვდილი გამოიწვია. მის სიკვდილს წინ უძღოდა სახალხო შეურაცხყოფა მეზობლებისა და ქმრის ნათესავების მიერ. მათ ქალს ქმრის ღალატი დააბრალეს, ქუჩაში დაიჭირეს, ფეხსაცმელი და წინდები გახადეს და „უნამუსოს“ ძახილით ჩაატარეს სოფელში. შემთხვევას შეესწრნენ მისი შვილებიც. ხანუმ ჯეირანოვას სიკვდილის გამო არავინ დასჯილა. მოლებმა, რომლებმაც ჯეირანოვას ცხედარი მოამზადეს, თქვეს, რომ მისი ტანსაცმელი სისხლით იყო გაჟღენთილი და მოწმის ჩვენებით, ის „სიკვდილამდე ნაცემი“ იყო.

საქმეზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ მალევე დაიხურა. პროკურატურამ გამოიტანა დასკვნა, რომ მსხვერპლმა თავი მოიკლა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხანუმ ჯეირანოვას ქმარი, აჯი გასანოვი, 2016 წელს შეიწყალა.