ხარკოველი ლტოლვილი კატა მსოფლიო ბლოგერების პრესტიჟულ პრემიაზეა ნომინირებული

ცნობილი ხარკოველი კატა სტეფანი ბლოგერების პრესტიჟულ პრემიაზეა ნომინირებული. ამის შესახებ არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ ბრიტნი სპირისთვისაც საყვარელი კატის ინსტაგრამ გვერდზე წერია, რომელსაც 1 მილიონზე მეტი ხელმომწერი ყავს.

“მინდა სასიხარულო ამბავი გაგიზიაროთ. ნომინირებული ვარ ინფლუენსერების ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოზე –  World Influencers and Bloggers Awards 2022 @wibaglobal, რომელიც 18 მაისს კანში შედგება. ძალიან საპატიოა, რომ ეს იქნება უკრაინისთვის თანხების შეგროვება  “–დაწერა ხარკოველმა ბლოგერმა და ევროპასა და აშშ–ში მის მეგობრებს, ასევე ევროპაში მცხოვრებ უკრაინელებს  ღონისძიების ბილეთების შეძენისკენ მოუწოდა.

სტეფანმა მისი ბლოგერული ცხოვრების მანძილზე უკვე მოასწრო ვალენტინოს ჩანთის რეკლამირება და ბრიტნი სპირსის გვერდზე მოხვედრა.13 წლის კატა სტეფანმა, რომელსაც ინსტაგრამზე მილიონზე მეტი ხელმომწერი ყავს,  პოპულარობა ჯერ კიდევ ომამდე მოიპოვა. პატრონმა ის სულ პატარა იშვილა და მის ფოტოებს ხშირად აზიარებდა ინსტაგრამზე. კატამ განსაკუთრებული პოპულარობა მაგიდასთან ჯდომის მანერის გამო მოიპოვა.

სტეფანმა მისი ფანების მეშვეობით ომით დაზარალებული უკრაინელი ცხოველების დასახმარებლად 10 ათასი დოლარის მოგროვება უკვე მოახერხა.

თავად სტეფანი ლტოლვილია და თავის პატრონთან ერთად მონაკოში ცხოვრობს. ის კავშირზე ომის დაწყებიდან 2 კვირის მანძილზე არ გამოდიოდა. მის ბედზე ბევრი ადამიანი წუხდა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კატამ და მისმა პატრონებმა ორი ღამე სარდაფში გაატარეს. ამის შემდეგ  ხარკოველმა მოხალისეებმა ისინი რკინიგზის სადგურამდე მიიყვანეს, საიდანაც მატარებლით ლვოვამდე ჩავიდნენ, შემდეგ კი პოლონეთის საზღვრამდე მივიდნენ. ამის შემდეგ ინფლუენსერთა მსოფლიო ასოციაციის მონაკოელი წევრები მათ საფრანგეთში ჩასვლაში დაეხმარნენ.

საკუთარი თავგადასავლის შესახებ “კატა სტეფანმა მის ბლოგში დაწერა“:

“საზღვარზე რიგში ვიდექით, ბევრი ხალხი იყო. 9 საათი დაგვჭირდა საზღვრის გადასალახად. პოლონეთში მოხვედრის შემდეგ მონაკოელმა ინფლუენსერებმა დაგვირეკეს და საფრანგეთამდე ჩასვლაში დაგვეხმარნენ.“–წერია ინსტაგრამ გვერდზე.

ახლა კატა სტეფანი თავს კარგად გრძნობს, მისი პატრონები კი ცდილობენ უკრაინას დაეხმარონ.

მისი პატრონი აღწერს, რა შედეგები მოჰყვა მისი ოჯახისთვის ომს. 24 თებერვალს დილით ოჯახის წევრებმა 5 საათზე აფეთქების ხმა გაიგეს:

“ძილბურანში ვერცკი მივხვდი, ეს რა იყო. ნახევარ საათში ახალი აფეთქებების ხმა გაისმა, ფანჯრები აზანზარდა, წამოვხტი და მივხვდი, რომ რაღაც საშინელება ხდებოდა. ხარკოვზე შეტევა და დაბომბვა. გავაცნობიერეთ, რომ ჩვენს სახლში ომი მოვიდა.“– წერს ის.