ხარკოვთან რუსებმა საკუთარი პოზიციები დაბომბეს და გაანადგურეს

ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის მეთაური, ოლეგ სინეგუბოვი ამბობს, რომ რუსეთის არმიამ ვერტმფრენებით საკუთარი პოზიციები დაბომბა დასახლებულ პუნქტ მალა როგანთან. პირადი შემადგენლობის დანაკარგები დიდია.

ოლეგ სინეგუბოვი ტელეგრამ არხზე წერს, რომ რუსებმა ხარკოვის ოლქში მორიგი ფიასკო განიცადეს და საკუთარი თავი გაანადგურეს. ის იმედს გამოთქვამს, რომ ეს არ არის რუსების ბოლო შეცდომა.

“დილით რუსულმა ვერტმფრენმა “ხარისხიანად დაამუშავა“ საკუთარივე პოზიციები – საოკუპაციო ძალების დიდი რაოდენობით პირადი შემადგენლობა და საბრძოლო ტექნიკა გაანადგურა. სწორედ ეს ოკუპანტები ბომბავდნენ ქალაქ ხარკოვს გამუდმებით არტილერიით და ზალპური ცეცხლის რეაქტიული რაკეტებით.უკრაინის შეიარაღებული ძალები არ კარგავენ სიფხიზლეს და ხარკოვის ოლქს იცავენ“– ამბობს ჩინოვნიკი.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხარკოვის ოლქში უკრაინულმა მხარემ რუსული ყველგანმავალი ДТ-30 “Витязь” გაანადგურა.