ხატების ქურდობიდან დაიწყო მისი სულიერი მოღვაწეობა, სიმაღლეზე ასულა – კობახიძე მეუფე ანტონზე

თეოლოგი ბასილ კობახიძე ერთ–ერთი სამშენებლო კომპანიის დამფუძნებლის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი მშენებლობიდან 1 მლნ 350 ათასი დოლარის მითვისებაში დაადანაშაულა. 

კობახიძის თქმით, მეუფემ მოღვაწეობა ხატების ქურდობით დაიწყო.

“მილიონ სამას ორმოცდაათი ათასი დოლარი მიუთვისებია მეუფე ანტონ ბულუხიას სამშენებლო ბიზნესიდან. ხატების ქურდობიდან დაიწყო მისი სულიერი მოღვაწეობა და რამხელა სიმაღლეზე ასულა. არც მალავს, მეკუთვნოდა და წამოვიღეო, რას მიზამთ აბაო. სულ მე არ დამიტოვებია, ნაწილი პედოფილიაში ბრალდებულ ბორჯომის მაშინდელ მეუფე სერაფიმეს მივეციო.

გამოძიება ვერაფერს უბედავს, საპატრიარქო დაზარალებულებს არც პასუხობს. პირიქით, ანტონის იუდასმიერი ძმის, მეუფე დანიელის პირით გაჰყვირის ანტიქრისტე მოახლოვდა, უფალი განრისხებულია, ეკლესიას გვებრძვიანო. რითი გებრძვიან? მილიონების შოვნაში და რეკეტში გიშლიან ხელს და მაგიტომ განრისხდა უფალი? კი, ჩვენი ეკლესიის ღმერთს უყვარს დოლარები, ოქროები, მარმარილოები, მიწები და ტყეები, მაგასაც უნდა გავუგოთ, მარტო ხომ არაა, ამდენი მეუფე მამაო ყავს სარჩენი”,– წერს ბასილ კობახიძე.

სამშენებლო კომპანია “კეკელიძე 61″–ის დამფუძნებელის, დემურ გიორხელიძის თქმით, პროკურატურას რამდენიმე წლის წინ მიმართა, თუმცა გამოძიება არ მიმდინარეობს და მეუფესაც არ კითხავენ. 

მეუფე ანტონი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ წლების წინ ნამდვილად უდასტურებდა ამხანაგობის გარდაცვლილ თავმჯდომარეს, ნანა ესაკიას ხელმოწერით იმას, რომ იგი ამ თანხებს ვანის და ბაღდათის ეპარქიას სწირავდა.