„ხელისუფლება ბოროტად იყენებს სასამართლო სისტემას პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის“-კრამერი გვარამიას დაკავებაზე

„აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდება“ – ასე აფასებს დევიდ კრამერი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორი თბილისის სასამართლოს გაადწყვეტილებას ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით.

კრამერს ეჭი არ ეპარება, რომ გვარამიას 3 წლითა და 6 თვით დაკავება მისი, როგორც მედია მენეჯერის, ასევე პოლიტიკური აქტივისტისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის საქმეების ერთობლიობაა.

„ვფიქრობ, მისმა ასოციაციამ “რუსთავი 2”-თან, მისმა პოლიტიკურმა პოზიციებმა და მისმა კრიტიკამ მთავრობისადმი ის ხელისუფლების ყურადღების ქვეშ მოახვედრა. ისინი [საქართველოს მთავრობა] ბოროტად იყენებენ სასამართლო სისტემას, მართლმსაჯულების სისტემას იმით, რომ მოსამართლეს გამოატანინეს პოლტიკურად მოტივირებული ვერდიქტი ოპოზიციის წარმომადგენლის წინააღმდეგ. ეს უკვე მოქმედი მთავრობის ხელწერაა მას შემდეგ, რაც გასულ თებერვალს პრემიერ-მინისტრად ბატონი ღარიბაშვილი დაბრუნდა“, – ამბობს კრამერი.

მისივე თქმით, გვარამიას დაკავება საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობაზეც ახდენს გავლენას:

“ეს [დაკავება] არც პირველი შემთხვევაა და ვშიშობ, არც ბოლო იქნება. ამერიკის საელჩომ ძალიან მკვეთრი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც გმობს მომხდარს და ამბობს, რომ ეს კითხვებს აჩენს საქართველოს ერთგულებაზე დასავლური, ევრო ორიენტაციისა და ინტეგრაციის შესახებ. ასე რომ, ეს ძალიან ცუდი განვითარებაა, მისი უკეთესობისკენ შემოტრიალება კი წარმოუდგენელია”.

ნიკა გვარამია, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამი ეპიზოდიდან დამნაშავედ ორში ცნო, ხოლო ერთში გაამართლა.

საუბარია ე.წ. 2015 წლის ეპიზოდზე და ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდზე. პირველი, ე.წ. 2015 წლის ეპიზოდი გულისხმობს, რომ გვარამიამ კომპანიის ფინანსურ დირექტორთან ერთად 6, 763, 509 ლარი გაფლანგა.

მეორე, ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდში, პროკურატურა დაობდა, რომ ნიკა გვარამია და მისი ოჯახი სარგებლობდნენ 76 000 ევროს ღირებულების ავტომანქანით, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ სარეკლამო დროის გამოყენების სანაცვლოდ გაფორმებული იყო შპს „პროესკო მედიას“ სახელზე.

ეს ბრალდებები, მოსამართლემ სსკ-ის 220-ე მუხლით გადააკვალიფიცირა, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

ე.წ. 2015 წლის ეპიზოდზე გვარამია და რუსთავი 2-ის ყოფილი მენეჯერი, კახა დამენია, 50, 000 – 50, 000 ლარით დააჯარიმეს. ხოლო მეორე ეპიზოდზე, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 11 მაისს სასამართლოში საბოლოო მოსმენაზე საკუთარი დასკვნა წარადგინა და თქვა, რომ იმ ნაწილში, რაზეც ნიკა გვარამია სასამართლომ დააჯარიმა, დანაშაულის ნიშნები არ არსებობდა.

„ჩვენ ხშირად შეგვიფასებია ქმედება და გვითქვამს, რომ ქმედება უფრო მსუბუქი მუხლით უნდა ისჯებოდეს, მაგრამ აქ, პირდაპირ ვამბობთ, რომ საერთოდ დანაშაულს არ აქვს ადგილი“, – უთხრა “ამერიკის ხმას” გიორგი ბურჯანაძემ, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ.

ბურჯანაძე შიშობს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საშიშ პრეცენდენტს ქმნის, როგორც სიტყვის თავისუფლების მიმართულებით, ისე კერძო კომპანიებისთვის, ვინც თავიანთ ორგანიზაციებში დამოუკიდებელ მენეჯერულ გადაწყვეტილებებს იღებენ.

ომბუდსმენის ოფისის მსგავსად ფიქრობენ ევროპარლამენტშიც. რასა იუკნევიჩიანე ევროპალამენტის წევრია, რომელიც კარგად იცნობს ქვეყნის შიდა პოლიტიკას. „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ის ამბობს, რომ ნიკა გვარამიას დაკავება მორიგი, „ძალიან ცუდი მესიჯია საქართველოსგან“.

წყარო: ამერიკის ხმა