ხელისუფლების ცვლილებას ითხოვენ, მაგრამ ინციდენტს არ მოჰყოლია სიკვდილი – წულუკიანი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმიანება პოლიციელის მიერ ისნის მეტროსადგურში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდის ცემას და ამბობს, რომ ამ ფაქტის სიმძიმის მიუხედავად, ეს “არ ასაბუთებს მოთხოვნას ხელისუფლების ცვლილების შესახებ.

მისვე განცხადებით, ინციდენტი “ტრაგიკულია”, თუმცა “საბედნიეროდ, მას არავის სიკვდილი არ მოჰყოლია”

“ამ მოთხოვნის უკან დგანან ადამიანები, ვისაც დაუსაბუთებია და გაუმართლებია თავის დროზე ახალგაზრდების მკვლელობა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან ქუჩაში, პატიმრებისადმი ცუდი მოპყრობა და მათი მოკვდინება, ან გაუპატიურება ციხეში, ვისაც გაუმართლებია თეთრაძის საქმეზე ადამიანის სახლიდან გაყვანა  ცრუ ბრალდებებით და შემდეგ მისი გარდაცვლილ მდგომარეობაში უკან მობრუნება.

ეს ადამიანები დღეს ხელისუფლების ცვლილებას ითხოვენ იმ ინციდენტის გამო, რომელიც არის დაუშვებელი, ტრაგიკული, მაგრამ ამ ინციდენტს არ მოჰყოლია არავის, საბედნიეროდ, სიკვდილი, ორივე პოლიციელი არის დაკავებული და არც ადეკვატური სასჯელი დააყოვნებს“, – განაცხადა წულუკიანმა რადიო იმედის ეთერში.

ცნობისთვის, 2 დღის წინ პოლიციელმა ისნის მეტროსადგურში სმენადაქვეითებულ მოზარდზე იძალადა. დღეს მას და კიდევ ერთ პოლიციელს, რომელმაც სამართალდამცველის დანაშაულზე რეაგირება არ მოახდინა, ბრალი წარედგინათ, თუმცა ისინი ბრალს არ აღიარებენ.