“ხელი ფეხებთან ამომისვა” – ჟურნალისტი ამბობს, რომ ეპისკოპოსმა სექსუალურად შეავიწროვა

მთავარი არხის ჟურნალისტი თორნიკე ჯგერენაია ეპისკოპოსის მიერ სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობს. ის სასულიერო პირის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ მან საპატრიარქოში შეავიწროვა.

“15-16 წლის ვიყავი, როდესაც მესამე სართულზე ავდიოდი პატრიარქთან შესახევრად. შორენას ოთახიდან, მეორე სართულიდან გადმოვინაცვლე და გავეშურე პატრიარქთან. ერთ-ერთი ეპისკოპოსი ჩამოდიოდა. მან გამაჩერა და ღიმილით მკითხა, შენ ვისი ბიჭი ხარო. დავიბენი, არ ვიცოდი, რა მეპასუხა, არ მქონდა მაშინ დიდი გამოცდილება სასულიერო პირებთან ურთიერთობის.

შემდეგ უცებ ჩამავლო ხელი და საკმაოდ ძლიერი მოძრაობით კედელზე მიმაყუდა. ეს ხდება საპატრიარქოში, მეორესა და მესამე სართულს შორის. მითხრა, რომ ძალიან ლამაზი თვალები მაქვს და ძალიან გემრიელი ვარ და მეორე ხელი ქვემოთ, ფეხებთან ამომისვა. მითხრა, რომ აუცილებლად შევხვდებოდით მონასტერში”,– ამბობს ჯგერენაია მთავარი არხის ეთერში.

მისივე განცხადებით, ეს არ ყოფილა სექსუალური შევიწროვების ერთადერთი შემთხვევა.

“ჩემს ცხოვრებაში, მანამ საპატრიარქოსთან ახლო შეხება მქონდა, ეს არ ყოფილა ერთი, ეს იყო ერთ-ერთი პირველი და დამაბნეველი. შემდეგ ცუდი რა არის ამ ყველაფერში – ამას ეჩვევი და იწყებ თვითგადარჩენაზე მუშაობას”,– ამბობს ჟურნალისტი.

თორნიკე ჯგერენაია ასევე აღნიშნავს, რომ ეპისკოპოსი, რომელმაც ის შეავიწროვა, ერთ-ერთ გადაცემაში ჩაერთო და ისაუბრა ჰომოსექსუალების მიუღებლობის შესახებ.