ხელს აწერდე, რომ ოკუპაციაში საქართველოა დამნაშავე და 90 წლის კაცს დასდევდე, არასწორია – ვოლსკი

გია ვოლსკი საქართველოში პოზნერის ვიზიტს ეხმიანება და ამბობს, რომ ვინც ქვეყნის საწინააღმდეგოს იტყვის, მისთვის მიუღებელია.

მისი მტკიცებით, ადამიანები, ვინც რუსი პროპაგანდისტის ვიზიტს აპროტესტებნენ, ამბობენ რომ დავით გარეჯი საქართველო არ არის.

„ნებისმიერი ადამიანი, გინდ 90 წლის ვლადიმერ პოზნერი იყოს, გინდ ნიკიტა მიხალკოვი, რომელსაც მასპინძლობდა და ტაშ-ფანდურით შეხვდა სააკაშვილი, ვინც ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგოდ რამეს იტყვის და ასეთი პოზიციის მატარებელია, ჩემთვის არის არა მხოლოდ მიუღებელი, არამედ მის მიმართ მაქვს ადამიანური მიუღებლობა.

მაგრამ ერთი მხრივ, აკეთებდე განცხადებას იმის შესახებ, რომ დავით გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის, ხელს აწერდე, რომ ოკუპაციაში საქართველოა დამნაშავე, ხოლო მეორე მხრივ, გარბოდე და 90 წლის კაცს დასდევდე, არასწორია. სწორედ ეს ამახინჯებს გულწრფელ პროტესტს, რაც საქართველოს წინააღმდეგ აზრების მქონეს ადამიანების და ქვეყნების მიმართ არსებობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.