ხვალიდან, მთავრობასთან ერთად, პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის საფუძველი იარსებებს – გოცირიძე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აცხადების, რომ დღეს თუ საგანგებოს გარეშე შეზღუდვების კანონპროექტი დამტკიცდება, ხვალიდან პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის იმპიჩმენტის გამოცხადების საფუძველი იარსებებს.

„ამ კანონს თუ მიიღებენ, ეპიდემიის არსებობის შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობა აღარასდროს გამოცხადდება. კონსტიტუციით კი პანდემიის დროს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ვალდებულებაა. საგანგებოს არგამოცხადება და უფლებების ისე შეზღუდვა კი, კონსტიტუციის დარღვევის გამო, იმპიჩმენტის საფუძველია. ხვალიდან უკვე იარსებებს პრემიერის, მთავრობასთან ერთად იმპიჩმენტის გამოცხადების საფუძველი,“ – განაცხადა გოცირიძემ.

კანონპროექტი, რომელსაც დღეს პარლამენტი კენჭს უყრის, ცვლილებებს ითვალისწინებს როგორც “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. მისი დამტკიცების შემთხვევაში, მთავრობას ექნება უფლება, შეზღუდოს: საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება, პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა.

მას პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა გუშინ მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეძლებს.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი კანონპროექტს არაკონსტიტუციურად და ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.