ხვალინდელი აქციის შედეგად სააკაშვილს არავინ გაათავისუფლებს – სამადაშვილი

“ლელო – პარტნიორობა საქართველოს” ფრაქციის წევრი, სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ 14 ოქტომბრის აქციის შემდეგ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ.

“მე არ მჯერა არცერთი წამით, რომ ხვალინდელი აქციის შედეგად ვინმე გაათავისუფლებს მიხეილ სააკაშვილს პატიმრობიდან. ეს ყველას უნდა ესმოდეს. სკეპტიკოსებს შორის არ ვარ, უბრალოდ წარმოუდგენელია და არ მოხდება ეს. მე მგონი, მიხეილ სააკაშვილს თავადაც არ აქვს მოლოდინი, რომ ხვალინდელი აქცია გახდება გასაღები მისი [გათავისუფლების].

მე ვარ რეალისტი და ეს იყო ყოველთვის ჩემი პოზიცია, მათ შორის, მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ამბობდა, რომ ნიკა მელია როგორც უნდა ისე გაათავისუფლონ, მე ვამბობდი, რომ როგორც უნდა ისე არ მოხდება და შეთანხმების შედეგად უნდა გათავისუფლებულიყო. მიხეილ სააკაშვილს ხვალინდელი აქციის შედეგად არავინ გაათავისუფლებს ციხიდან.”,– ამბობს სამადაშვილი TV პირველის ეთერში.

მისივე განცხადებით, სააკაშვილი პოლიტიკური ნიშნით არის დაპატიმრებული, ამიტომ სურს, ის გაათავისუფლონ.

სამადაშვილი აღნიშნავს, რომ პოლიტიკური დევნა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დასრულდება, ამიტომ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებაა.