ხვალ დასკვნით სიტყვას ვიტყვით და შემდეგ მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას – ხაჭაპურიძე სააკაშვილის საქმეზე

მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლბის საქმეზე ხვალ, 6 თებერვალს სხდომა 17:00 საათზე დასკვნითი სიტყვებით განახლდება, რის შემდეგაც მოსამართლე, სავარაუდოდ, სათათბიროდ გავა. უცნობია, ხვალვე გამოაცხადებს თუ არა გიორგი არევაძე მის გადაწყვეტილებას ამ საქმეზე.

ექსპრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ მოსამართლემ მოწინააღმდეგის პოზიცია გაიზიაროს.

“ხვალ დასკვნით სიტყვას ვიტყვით და ამის შემდეგ მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას. იმედია, ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებაზე დამოკიდებულია ადამიანის სიცოცხლე, საქართველოს მომავალი. რაც შეეხება პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილ პოზიციას, გარდა გაყალბებული საქმისა და საეჭვო ფსიქიკური მდგომარეობის მქონე ექიმისა, არ წარმოუდგენიათ არცერთი მტკიცებულება. შესაბამისად, არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ მოსამართლემ მოწინააღმდეგის პოზიცია გაიზიაროს.

მთავარია, მოსამართლემ თავის თავში იპოვოს ძალა იმ ზეწოლების მიუხედავად, რაც ხორციელდებოდა სასამართლოზე, ეს იყო მთავრობის მხრიდან, პარლამენტის მხრიდან, ზოგადად, პოლიტიკოსების მხრიდან და მიიღოს სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება”.