ხვალ საკოორდინაციო საბჭო მთელ რიგ გადაწყვეტილებებს მიიღებს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ხვალ საკოორდინაციო საბჭო სხვადასხვა გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ეს იქნება როგორც წამახალისებელი ღონისძიებები 60 წელს ზემოთ მოქალაქეებში, ასევე ე.წ. მწვანე პასპორტთან მიმართებაში. ამ ღონისძიებებმა მაქსიმალურად უნდა გაზარდოს აცრის მოცვა ქვეყანაში, რადგან აცრის გარეშე ეს პანდემია არ დამთავრდება, გვექნება ახალი ტალღები და სამწუხაროდ, დიდი ადამიანური დანაკარგი.

60 წელს გადაცილებული პირების სავალდებულო ვაქცინაციაზე არ არის საუბარი, მომზადებულია მთელი რიგი პაკეტი წამახალისებელი ღონისძიებების, რათა ამ ასაკის ადამიანებს აცრის სურვილი გაუჩნდეთ. ხშირად სვამენ კითხვას, რატომ ეს ასაკობრივი ჯგუფი – რადგან ამ ასაკზე სიკვდილიანობის 60% მოდის. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ გარდაცვლილთა 99% გვყავდა აუცრელი“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

გამყრელიძე აღნიშნავს, რომ თუ მოსახლეობა არ აიცრება, დღიურად 4-5 ათასი შემთხვევა დაფიქსირდება, ხოლო ასეთი ტალღები ორ თვეში ერთხელ განმეორდება.