პარტია გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია ადმინისტრაციულ კანონში სანქციების გამკაცრებას ეხმიანება ამბობს, რომ მას პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს.
“სალომე ზურაბიშვილმა ვეტო უნდა დაადოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთების საწინააღმდეგოდ მიღებულ ცვლილებებს საბჭოთა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
მას, როგორც მოლაპარაკების მონაწილეს და მასპინძელს, ამის მორალური უფლებაც აქვს და ვალდებულებაც”,– წერს იაგო ხვიჩია.
პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები დღეს მეორე მოსმენით მიიღო. ცვლილებების მიხედვით, მკაცრდება სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები. ნახეთ, რა იცვლება კანონპროექტის მიხედვით.
აქტივისტები, ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილებები გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს და კოდექსს უფრო რეპრესიულს ხდის.
აშშ-ს საელჩოს განცხადებით, ქართულმა ოცნებამ მოლოდინები არ გაამართლა.