ხოშტარია: პოზნერის დაბადების დღე საქართველოში საზეიმო არ იქნება, მიიღებენ პასუხს!

პოლიტიკური მოძრაობის “დროას” დამფუძნებელი ელენე ხოშტარია იმყოფება აქციაზე იმ სასტუმროსთან, სადაც ვლადიმირ პოზნერი და მისი მეგობრები დაბინავდნენ.

მისი თქმით, რუსი პროპაგანდისტი საქართველოში არ უნდა შემოეშვათ.

ხოშტარიას განცხადებით, პოზნერის დაბადების დღე საქართველოში საზეიმო არ იქნება.

“ყველა ნორმალურ სახელმწიფოში ადამიანი, პუტინის სისტემის ნაწილი, რომელიც ამბობს კონკრეტულად, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ არსებობს და აფხაზეთი საქართველოსი არ იქნება, არ უნდა შემოუშვან საქართველოში და მით უმეტეს, პანდემიის დროს, კომენდანტის საათის დროს, ვერ უნდა ბედავდეს საქეიფოდ სიარულს. თუ სახელმწიფო ამ ნაბიჯს არ დგამს, საზოგადოებიდან მიიღებენ ამ პასუხს. მისი დაბადების დღე საქართველოში საზეიმო არ იქნება და მისთვის იქნება აქ ყოფნისას ყოველი წუთი იქნება პრობლემის წუთი”, – აღნიშნავს ხოშტარია.

რუსი პროპაგანდისტი თანმხლებ პირებთან ერთად კაფე “სტამბაში” იმყოფებოდა, ახლა ავლაბარში, რესტორან “ვინოტელში” იმყოფებიან, რათა პოზნერის დაბადების დღე აღნიშნონ.

ვლადიმერ პოზნერმა თბილისში ჩამოვლის შემდეგ განაცხადა, რომ “შესაძლოა” აფხაზეთზე თქვა, რომ “ის აღარასდროს იქნება საქართველოს ნაწილი”, თუმცა ახლა პოლიტიკაზე არ ისაუბრებს, რადგან აქ დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.