შესაძლოა აფხაზეთზე მსგავსი რამე ვთქვი, აქ პოლიტიკაზე სასაუბროდ არ ვარ – პოზნერი

პუტინთან დაახლოებული რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ პოზნერი “მთავარ არხთან” საუბრისას ამბობს, რომ საქართველოში დაბადების დღის გადახდა მისთვის ტრადიციაა.

მისივე განცხადებით, “შესაძლოა” აფხაზეთზე თქვა, რომ “ის აღარასდროს იქნება საქართველოს ნაწილი”, თუმცა ახლა პოლიტიკაზე არ ისაუბრებს.

“საქართველოში დაბადების დღის აღნიშვნა ტრადიციად მექცა. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, რაც ამ მიზნით ჩამოვდივარ. საქართველოში ბევრი მეგობარი მყავს. არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ იმასთან დაკავშირებით, ვინ იყო ჩემი აქ ჩამოსვლის წინააღმდეგი.

არ მახსოვს, შესაძლებელია აფხაზეთზე მსგავსი რამე ვთქვი, თუმცა ახლა აქ პოლიტიკაზე სასაუბროდ არ ვიმყოფები. დაბადების დღე უნდა აღვნიშნო. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს თვალყურს არ ვადევნებ, ამიტომ ვერაფერს გეტყვით”,– თქვა პოზნერმა.

კაფე სტამბასთან, სადაც ის სავარაუდოდ მეგობრებთან ერთად იმყოფება, აქცია უკვე დაიგეგმა.