ჯამში 2.7 მილიარდი დოლარი–ნახეთ რა სამხედრო დახმარება აღმოუჩინა აშშ–მ უკრაინას

უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების მობილიზაციის და რუსეთის შეჭრის საფრთხის ზრდის პარალელურად ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარებას უზრდის. მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვაშინგტონიდან კიევში 200 ტონაზე მეტი სამხედრო აღჭურვილობა სამმა თვითმფრინავმა ჩაიტანა. მესამე თვითმფრინავი კიევში ცოტა ხნის წინ დაეშვა. კიევს 200 მილიონი დოლარის ოდენობის, დამატებითი სამხედრო დახმარება ამერიკის პრეზიდენტის ბრძანებით, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა მიაწოდა. გადაწყვეტილებას ხელი, ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დეკემბერში მოაწერა.

„ჩვენ მჭიდრო კავშირში ვართ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან და ნატოს მოკავშირეებთან, რათა ხელი შევუწყოთ უკრაინას და დამატებით დახმარება აღმოვუჩინოთ მათ, ჩვენს ხელს არსებული უსაფრთხოების ინსტრუმენტებით,“- წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე.

პირველმა ორმა თვითმფრინავმა ვაშინგტონიდან კიევში, “ჯაველინის” რაკეტები, და ამერიკული წარმოების ე.წ. გამაგრებული კონსტრუქციების საწინააღმდეგო, ერთჯერადი ყუმბართმტყორცნი M141 ჩაიტანა.

M141-ის ტიპის ყუმბართმტყორცნები ამერიკული წარმოებისაა და არსებული ოფიციალური მონაცემებით ის კონსტრუქციების, მათ შორის სანგრების დასანგრევად გამოიყენება. მისი ეფექტურობა 1000+ მეტრი მანძილზე ვრცელდება.

რაც შეეხება “ჯაველინებს”, ის ამერიკული წარმოების ე.წ. ჭკვიანი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემაა, რომელიც სხვა კონკურენტებისგან განსხვავებით, გაცილებით მოქნილი და ზუსტია. “ჯაველინების” სისტემა წლებია გამოიყენება ამერიკულ არმიაში და ის მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა.

გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით ვაშინგტონმა კიევს სხვა, როგორც არალეტალური ასევე ლეტალური თავდაცვითი, შეიარაღებაც გადასცა. მათ შორის ტაქტიკური უპილოტო საჰაერო ხომალდები, უსაფრთხო კომუნიკაციის სატელიტური მოწყობილობები, ღამის ხედვის და თერმული მოწყობილობები, სნაიპერული თოფები და სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო მოწყობილობები.

2.7 მილიარდის სამხედრო დახმარება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით გასულ წელს მათ ვაშინგტონისგან 450 მილიონი დოლარის ღირებულების საბრძოლო შეიარაღება მიიღეს. მათ შორის იყო 55 ერთეული ბრონირებული საბრძოლო “ჰამერები”, 7 ერთეული “ლენდ-როვერის” ტიპის სამედიცინო მანქანა, 84 ერთეული საზღვაო კატერი და 30 “ჯაველინების” სისტემა. გარდა ამისა ამერიკამ უკრაინას ტყვია-წამალი და პირველადი ჯანდაცვისთვის საჭირო ნივთებიც მიაწოდა.

წინა წლებში, ვაშინგტონმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინისთვის თექვსმეტი „Mark VI“ ტიპის საპატრულო კატარღების გადაცემის თაობაზე, რომელთა საერთო ღირებულება 600 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. 2015-2019 წლებში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე არსებული მონაცემების მიხედვით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 287 მილიონი ამერიკულ დოლარზე მეტის თავდაცვის ერთეულის მუდმივი ექსპორტი მოახდინა.

ამერიკამ უკრაინას საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი, ტრადიციული იარაღის და აღჭურვილობის ჩანაცვლება-განადგურებაშიც აღმოუჩინა დახმარება. განადგურდა1855 ტონა საბრძოლო მასალა და 2004-2020 წლებში ამ მიმართულებით 68 მილიონი ამერიკული დოლარი დაიხარჯა.

პარტნიორობის ფარგლებში წლიდან წლამდე ძლიერდება კიბერ-უსაფრთხოების კუთხით უკრაინის თავდაცვისუნარიანობის ზრდა. ამ მხრივ თანამშრომლობა 2021 წლის აგვისტოში გაფორმებული შეთანხმებით კიდევ უფრო გაღრმავდა. ჩარჩო ხელშეკრულებას ხელი ამერიკის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და უკრაინის თავდაცვის მინისტრი აწერენ.

ამერიკის მთავრობის ოფიციალური მონაცემების თანახმად, სულ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 2014 წლიდან დღემდე 2.7 მილიარდი ამერიკული დოლარის სამხედრო დახმარება აღმოუჩინა. გარდა შეიარაღებისა, მხარდაჭერა ითვალისწინებდა უკრაინის ჯარის პროფესიულ განვითარებას. 1000-მდე საშუალო და მაღალი რანგის უკრაინელმა სამხედრომ ამერიკული განათლება მიიღო. სწავლებები ამერიკაში სხვადასხვა სამხედრო ბაზებზე გაიმართა.

Სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით დახმარება, რომელსაც კიევი ვაშინგტონისგან იღებს მიზანმიმართულია იმისკენ, რომ უკრაინამ შეძლოს და დაიცვას ქვეყნის საზღვრები, სუვერენიტეტი და მოსახლეობა. შტატებმა უკრაინას თავდაცვის მიმართულებით თითქმის ყველა სფეროში გაუწია დახმარება, იქნება ეს საზღვაო, საჰაერო თუ სახმელეთო.

ვაშინგტონთან ერთად კიევს სამხედრო მხარდაჭერას უწევს ნატო, კანადა და დიდი ბრიტანეთი. ამერიკის სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების ზრდის პარალელურად, ნატო მის მოკავშირეებთან ერთად აღმოსავლეთ ევროპის ფლანგს ამაგრებს. საჭიროების შემთხვევაში, ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე გადასასროლად, მაღალ სამხედრო მზადყოფნაშია 8500 ამერიკელი სამხედროც.

ნატო უკრაინა

ნატო-უკრაინის ურთიერთობები, 2004 წლის შემდეგ გაღრმავდა. ალიანსის თანამშრომლობა უკრაინასთან მოიცავს თავდაცვის სექტორის რეფორმას და თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ მიმართულ პროგრამებს. ამ დროისთვის ბრიუსელსა და ვაშინგტონში ამბობენ, რომ უკრაინა არ არის სრულ შესაბამისობაში ნატოს სტანდარტებთან და საჭიროა თავდაცვის სექტორის და კორუფციის კუთხით რეფორმების გაგრძელება.

ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებით, როგორც უკრაინა ასევე საქართველო ნატოს წევრები გახდებიან. რუსეთი კი სწორედ ამ ჩანაწერის წინააღმდეგია და ამ პირობის უკან წაღებას ითხოვს. დასავლეთში კი მიაჩნიათ, რომ ცალკეული ქვეყნები თავად გადაწყვეტენ, რომელ ალიანსში სურთ გაწევრიანება. ბრიუსელი აცხადებს, რომ მესამე ქვეყანას ნატოს გაფართოებაზე ვეტოს უფლება არ აქვს.

2008 წლის ჩანაწერის გაუქმება რუსეთმა გასული წლის მიწურულს მოითხოვა, მას შემდეგ არაერთი მოლაპარაკება მხარეებს შორის უშედეგოდ დასრულდა. ახლა რუსეთი ვაშინგტონისგან მის მოთხოვნებზე წერილობით პასუხს ელოდება, რომელიც ვაშინგტონმა ამ კვირაში უნდა გაასაჯაროვოს.

წყარო: ამერიკის ხმა