ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავის მოადგილედ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე დანიშნა.

სამინისტროს ინფორმაციით, ის იურიდიულ დეპარტამენტს, ადამიანურ რესურსებსა და სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) გაუწევს კურირებას. აქამდე მას რატი ბრეგაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც იუსტიციის მინისტრად დაინიშნა.

“გრიგოლ გიორგაძეს იურიდიული განათლება საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აშშ-ში, კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში აქვს მიღებული. ის საერთაშორისო სამართლის დოქტორანტიცაა.

თავდაცვის მინისტრის ახალ მოადგილეს ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. გრიგოლ გიორგაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა სახელმწიფო საწარმოს „შპს აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ დირექტორად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველ მოადგილედ და სამინისტროს საპარლამენტო მდივნად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველ მოადგილედ, ასევე სახალხო დამცველის აპარატის გამოძიებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსად. მას სხვადასხვა დროს მონაწილეობა აქვს მიღებული ტრენინგებსა და კონფერენციებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

პარალელურად, გრიგოლ გიორგაძე აკადემიურ საქმიანობასაც ეწევა და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში საერთაშორისო სამართლის, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე ქართული სამართლისა და რომის სამართლის ისტორიის საკითხებზე ლექციებს კითხულობს”,– აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.