ჯანმო ევროპას ვაქცინაციის დაჩქარებისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი

ევროპამ საერთო ძალისხმევით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია უნდა დააჩქაროს, პარალელურად კი ფარმაცევტულმა ფირმებმა მკვეთრად უნდა გაზარდონ საწარმოო სიმძლავრეები. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს იმ ფონზე, როცა კორონავირუსის ახალი შტამების მიმართ არსებული ვაქცინების ეფექტურობასთან დაკავშირებით შეშფოთება იზრდება.

ჯანმოს ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორი, ჰანს კრუგე აცხადებს, რომ ვირუსი სულ უფრო მეტი სიჩქარით ვრცელდება, ამიტომაც სულ უფრო მეტი ადამიანი ავადდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებს, რომლებიც ისედაც გადატვირთულია, სულ უფრო უჭირთ პაციენტთა ნაკადებთან გამკლავება.

მეორე მომენტი – ვაქცინის ეფექტურობაა.

“არსებობს ზოგიერთი წინასწარი მონაცემი, რომ კერძოდ, სამხრეთ აფრიკულმა ვარიანტმა შეიძლება რიგი პრობლემები გამოიწვიოს, თუმცა ამაში ჯერ არ ვართ დარწმუნებული. სწორედ ამიტომ, ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ“– თქვა კრიუგემ.

ამჟამად მსოფლიოში კორონავირუსის დაახლოებით 4000 ვარიანტი არსებობს. არ არის გამორიცხული სხვა, უფრო პრობლემური მუტაციების გამოჩენა. საფრანგეთის და გერმანიის სამართალდამცავმა ორგანოებმა ორ ქვეყანას შორის მოძრავი მატარებლების მგზავრების კონტროლი გააძლიერეს.

ვაქცინაცია აქტიურად მიდის ევროკავშირის ყველა ქვეყანაში. ესპანეთში ჯანდაცვის სამინისტრომ ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინის – ასტრა ზენეკას გამოყენების უფლება გასცა, თუმცა მხოლოდ 18–დან 55 წლამდე ასაკის ადამიანებში.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით AstraZeneca–ს ვაქცინით პირველ რიგში მედიკოსებს და სოციალურ მუშაკებს აცრიან, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლის მოწინავე ხაზზე არიან. ესპანელებს კი, რომლებიც  მოხუცებულთა სახლებში ცხოვრობენ, Pfizer–ის და  Moderna–ს პრეპარატებით აცრიან.

იტალიის ხელისუფლება პირობას დებს, რომ მარტის ბოლომდე 7 მილიონ მოქალაქეს აცრის. მკაცრი შეზღუდვების შემდეგ, რომლებიც პანდემიის მეორე ტალღის დროს მოქმედებდა, ქვევყნის 20–დან 15 რეგიონში უკვე გაიხსნა ბარები და რესტორნები, თუმცა 18 საათამდე იმუშავებენ. იტალიაში გახსნილია მუზეუმებიც.