რუსეთის ჯარების გაყვანას ჯერჯერობით ვერ ვხედავთ, მხოლოდ გვესმის – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ეხმიანება რუსული თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომ ჯარების ნაწილი გაყავს მუდმივი დისლოკაციის ადგილზე. ზელენსკის თქმით, ჯარების გაყვანას ჯერჯერობით ვერ ხედავენ. 

“სიმართლე გითხრათ, ჩვენ ვრეაგირებთ იმ რეალობაზე, რაც გვაქვს და ჯერჯერობით ვერ ვხედავთ გაყვანას. ჩვენ მხოლოდ გვესმის ამის შესახებ”, – თქვა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ “ყველა ნორმალური ადამიანი ახლა დეესაკალაციის მოლოდინშია”.

“რაც შეეხება მუქარას, მე არაერთხელ მითქვამს, რომ ნებისმიერ მუქარაზე მშვიდად ვართ, რადგან გვახსოვს, რომ ეს ყველაფერი გუშინ არ დაწყებულა, ეს უკვე მრავალი წელია ხდება”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მანვე დაამატა, რომ როდესაც რუსეთი ჯარებს გაიყვანს “ამას ყველა დაინახავს, მაგრამ ახლა ეს მხოლოდ განცხადებებია”.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის სამხრეთ რეგიონის სამხედრო ქვედანაყოფებმა წვრთნები დაასრულეს და ყირიმიდან დისლოკაციის ადგილს უბრუნდებიან.