“ჯერ არაფერი დაგვიმარცხებია და სამწუხაროდ ეს ვირუსი ჯერ კიდევ ჩვენთან არის,ინფიცირებულების რაოდენობა გაგვეზრდება, ეს ფაქტია“–გახარია

“რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი დარჩა კიდევ საზღვარგარეთ, ბევრთან სახელმწიფოს დახმარების ხელი შეიძლება ვერ მივიდა, ყველასთან მივალთ ამას დრო სჭირდება. ყველას ხომ გვესმის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ საკმაოდ სუსტი ეკონომიკის ქვეყანა ვართ და ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პანდემიის დაწყების შემდეგ სამშობლოში ჩამოყვანილ მოქალაქეებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, დამსაქმებელმა კომპანიებმა უნდა იგრძნონ სოციალური პასუხისმგებლობა და ხალხს შეუქმნან ისეთი შრომის პირობები, რომ ვირუსის გავრცელების რისკი სამუშაო ადგილებზე არ იყოს.

„სამართლიანობა და ეფექტურობა ეს იყო ის გასაღები რითაც ჩვენ შევძელით ამ  ვირუსთან დღემდე,  ჯერჯერობით ნორმალურად გამკლავება. აწი რა იქნება ეს თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. არაფერი არ დაგვიმარცხებია ჯერ, არაფერი ლიკვიდირებული არ არის და სამწუხაროდ ეს ვირუსი ჯერ კიდევ ჩვენთან არის. უნდა მივეჩვიოთ ამასთან ცხოვრებას, მოგვიწევს ადაპტაცია. გვეყოლება რაღაც რაოდენობა ინფიცირებული ადამიანების, ჩვენი მოქალაქეებში, რომლებიც ჯანდაცვის სისტემამ სწრაფად უნდა გამოავლინოს, უნდა აღმოაჩინოს სწრაფი და სწორად სტრუქტურირებული ტესტირებების სისტემების საშუალებით, შემდგომ სწრაფად უნდა უმკურნალოს გამართული ჰოსპიტალური სისტემის საშუალებით და სწრაფად დააბრუნოს ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში. კომპანიები, რომლებიც არიან დამსაქმებლები უნდა დახვდნენ პასუხისმგებლიანად თავიანთ დასაქმებულებს, იგრძნონ თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობა და ამ ხალხს შეუქმნან ისეთი შრომის პირობები, რომ ვირუსის გავრცელების არანაირი შანსი არ იყოს სამუშაო ადგილებზე. არავინ იცის ხვალ რა იქნება, ამიტომ ჩვენ თუ არ ვიზრუნეთ ერთმანეთზე არავინ იზრუნებს ჩვენზე და ეს ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს. გამოწვევა არის გლობალური, პანდემია არის გლობალური. ცალკე აღებული სახელმწიფო ამას ვერ მოერევა, მაგრამ ჩვენს გასაკეთებელს სხვა არავინ არ გააკეთებს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე ჯანმრთელობის თვალსაზრისით და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე იმისთვის, რომ ეკონომიკა გავაძლიეროთ და  გავხსნათ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარია ამბობს, რომ ცოტა მეტი ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ იმისთვის, რომ რასაც მივაღწიეთ, შევინარჩუნოთ და ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, იშრომონ და ოჯახში შემოსავალი შეიტანონ.

“წავიდა ტენდენცია, თითქოს რაღაც დავამარცხეთ არაფერი არ დაგვიმარცხებია, რეალურად, როგორც კი ქვეყანაში ეკონომიკური შეზღუდვები მოვხსენით და მობილობა გაიზარდა, ინფიცირებულების რაოდენობა გაგვეზრდება ეს ფაქტია.

ჩვენი პასუხისმგებლობა და მზაობა უნდა იყოს უფრო მეტი – უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ, უფრო მომზადებულები, გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია, რომელსაც ეპიდემიოლოგები გვირჩევენ – პირბადე, სოციალური დისტანცია და ა.შ. ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც დღეს აუცილებელია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ თავიდან არ მოგვიწიოს ეკონომიკური შეზღუდვების დაწესება. ცოტა მეტი ძალა უნდა დავატანოთ თავს, ცოტა მეტი ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ იმისთვის, რომ რასაც მივაღწიეთ, შევინარჩუნოთ და ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, იშრომონ და ოჯახში შემოსავალი შეიტანონ. იქ, სადაც შესაძლებელია დისტანციურად შრომა, უნდა ვიყოთ დისტანციურად. სადაც არ არის საჭირო დიდი სოციალური შეკრებები, არ უნდა ვიყოთ ასეთ შეკრებებზე. არ არის საჭირო დიდი დაბადების დღეების გადახდა. უნდა გავუფრთხილდეთ და მეტი პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს ერთმანეთის მიმართ. ახლა უფრო მეტი აუცილებლობაა, რომ ერთმანეთზე ვიზრუნოთ. პასუხისმგებლობა უნდა იყოს უფრო მეტი. როდესაც გადაადგილება, ტრანსპორტი და კიდევ ბევრი რამ იყო შეზღუდული, რა თქმა უნდა, შევზღუდეთ ვირუსის გავრცელებაც, მაგრამ ახლა, როდესაც მოვხსენით ყველაფერი, იმიტომ, რომ ადამიანებმა ოჯახები არჩინონ და ყველანი ვმოძრაობთ, ჩვენ უკვე ჩვენ თავს უნდა დავუწესოთ თვითშეზღუდვა. ეს უნდა იყოს თითოეული მოქალაქის აბსოლუტურად გააზრებული და ნებაყოფლობითი ნაბიჯი. ეს თვითშეზღუდვა არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ვიზრუნოთ ერთმანეთზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.