ჯერ მივეჩვიოთ იმ ჩამონათვალს – ცერცვაძე ტრანსპორტში მწვანე პასპორტის დაწესებაზე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ კოვიდგადატანილებს მწვანე სტატუსი მხოლოდ პირველი 6 თვის განმავლობაში უნდა ჰქონდეთ.

მისივე შეფასებით, სავაჭრო ცენტრებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში მწვანე პასპორტის დაწესება დისკრიმინაციას გამოიწვევს, თუმცა მანამდე მოსახლეობა არსებულ ჩამონათვალს უნდა შეეჩვიოს.

“ცალსახად მხარს ვუჭერ, რომ მწვანე პასპორტში კოვიდგადატანილის გრაფაში შევიდეს ბოლო ექვს თვეში კოვიდის გადატანა. რაც შეეხება უნდა გაფართოვდეს თუ არა იმ დაწესებულებების რიცხვი, სადაც მწვანე პასპორტის ამოქმედება უნდა მოხდეს, ამაზე რთულია ლაპარაკი. მოლებში არა, რადგან ადამიანი ძალიან დიდხანს არ რჩება, ის მოძრაობს და თუ დააკვირდებით, მოლებში ყველაზე კარგად იცავენ პირბადის ტარების წესს. მოლებში მე, ფაქტობრივად, უპირბადოდ ადამიანი არ მინახავს.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რთულია, ეს გამოიწვევს გარკვეულ დისკრიმინაციას, რომ ადამიანი ვერ იმგზავრებს ტრანსპორტით, ასე რომ ჯერ მივეჩვიოთ იმ ჩამონათვალს, რომელიც არის”,– აცხადებს ცერცვაძე საზოგადობრივი მაუწყებლის ცნობით.

შეგახსენებთ, რომ მწვანე პასპორტები საქართველოში პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება. ნახეთ, რომელ ობიექტებზე იქნება საჭირო მწვანე სტატუსის წარდგენა.