ჯონსონის მთავრობა იშლება. რა ელის ბრიტანეთის პრემიერს

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ბორის ჯონსონი გადადგომასთან ძალიან ახლოს არის: სამწლიანი სკანდალური პრემიერობის მანძილზე ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მას გადადგომა ემუქრება, თუმცა ასე ახლოს თანამდებობის დატოვებასთან არასოდეს ყოფილა. თავიდან მას თანაპარტიელები აუმხედრდნენ, ახლა კი მისი გუნდიდან უახლოესი თანამებრძოლები– მისი მთავრობის მინისტრები გაიქცნენ.

მთავარი პრეტენზია არა კონსერვატიული პარტიის კურსს, ან მუშაობის შედეგებს, არამედ პირადად პრემიერს უკავშირდება. თანამებრძოლებს არა მხოლოდ  მის წესიერებაში და პატიოსნებაში ეპარებათ ეჭვი – ეს ისედაც ჯონსონის დიდი ხნის პრობლემაა. ისინი იმედს კარგავენ, რომ ჯონსონი ოდესმე გამოსწორდება.

მორიგი სკანდალის შემდეგ სამშაბათს მისი კაბინეტი დატოვა ორმა მძიმეწონოსანმა მინისტრმა – ფინასთა და ჯანდაცვის მინისტრებმა – მათ ფაქტიურად კარი გაიჯახუნეს. სკანდალი თავისთავად წინამორბედებისგან ნაკლებად განსხვავდებოდა, და ჯონსონს პასუხს არა იმდენად ამ კონკრეტული სკანდალის, არამედ სკანდალების დაუსრულებელი სერიის გამო სდებენ.

მინისტრების გადადგომას შედარებით დაბალი რანგის ჩინოვნიკების გადადგომაც მოჰყვა. ოთხშაბათს არა მხოლოდ ოპოზიციამ, არამედ მისივე დეპუტატებმა ჯონსონს პარლამენტში გარჩევა მოუწყვეს და უნდობლობის ვოტუმის პროცედურა წამოიწყეს.

ნებისმიერი სხვა პრემიერი ბრიტანული ტრადიციის მიხედვით უკვე დიდი ხნის წასული იქნებოდა, თუმცა ჯონსონი, კუთხეში მიმწყვდეულიც კი საკუთარ თავს არ ღალატობს და წასვლაზე უარს ამბობს.

“ასეთ რთულ ვითარებაში და ასეთი კოლოსალური მანდატით პრემიერ მინისტრის საქმეა მუშაობა გააგრძელოს. და მეც ამას ვაპირებ“–განაცხადა ჯონსონმა პარლამენტში, საკუთარი პრობლემები ქვეყნის ეკონომიკურ სირთულეებს დააბრალა და თქვა, რომ მისგან განტევების ვაცის შექმნა უნდათ.

თუმცა ამბოხებულთა ლიდერმა, წარსულში ფინანსთა მინისტრმა, გუშინდელ გადადგომამდე კი ჯანდაცვის მინისტრმა, საჯიდ  ჯავიდმა თქვა, რომ საქმე იმაში არ არის, როგორ უმკლავდება ჯონსონი ფასების რეკორდულ ზრდას, ბრექსითს, ენერგეტიკულ და სხვა კრიზისებს, რომლებიც დიდ ბრიტანეთს არყევს. არამედ საქმე თავად ჯონსონშია.

ის ამბობს, რომ მთავრობის ეფექტური მუშაობა ლოიალობას და კოლექტიურ პასუხისმგებლობას მოითხოვს, მას კი ბოლო თვეების მანძილზე ძალიან გაუჭირდა ლოიალობასა და პრინციპულობას შორის ბალანსის მოძებნა და არ უნდა რომ საკუთარი პრინციპულობით გარისკოს.

““მე მჯერა, რომ გუნდი კაპიტანზე აკეთებს სწორებას. ბოლო თვეების მოვლენებმა ამ გუნდში მუშაობა პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა.“–თქვა მან პარლამენტში.

რა არ მოსწოონთ ჯონსონში

მინისტრის მიერ ხსენებული “მოვლენები“ სკანდალების ჯაჭვია, რომელთაგან ყოველი სკანდალისას ჯონსონი თავიდან ყველაფერს უარყოფდა, შემდეგ აღიარებდა და ბოდიშს იხდიდა.  მას ბრალად სდებდნენ პათოლოგიურ მატყუარობას და ხელისუფლებაში ნებისმიერ ფასად დარჩენის სურვილს.

ყველაზე დიდი სკანდალი მის რეზიდენციაში მკაცრი ლოკდაუნის დროს წვეულებების გამართვას უკავშირდება და ბრალდებას იმის შესახებ, რომ პრემიერმა პარლამენტში არაერთხელ იცრუა, ახალი მტკიცებულებების გამოჩენის შემდეგ კი ცუდ მეხსიერებას და დაბნეულობას დააბრალა ყველაფერი.

იგივე ტაქტიკა გამოიყენა ბოლო ისტორიაში, რომელიც მისი მთავრობის წევრს უკავშირდებოდა, რომელსაც ბრალი დასდეს ორი მამაკაცის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში დახურულ კლუბში. ჯონსონს ბრალი დასდეს, რომ მან ამ დეპუტატის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნამდეც იცოდა, რომ ის მსგავს ისტორიაში ადრეც იყო გარეული. ჯონსონმა თქვა, რომ მსგავსი არაფერი ახსოვს, თუმცა შემდეგ მაინც მოიხადა ბოდიში. ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა გამოჩნდა უტყუარი მტკიცებულებები, რომ მას ნამდვილად მოახსენეს პირადად ამ ინციდენტის შესახებ და თავისუფლად შეიძლებოდა მის მდივანს შეხვედრის ოქმები ამოეღო და ეს დაემტკიცებინა.

ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ამბობს რომ “სკანდალებმა, ამორალურმა ქცევამ და პოლიტიკაში ჩავარდნებმა მთავრობის რღვევა გამოიწვია“. კირ სტარმერმა არც თანამდებობიდან გადამდგარები დაინდო, რადგან ისინი მისი თქმით მთელი ამ ხნის მანძილზე ჯონსონს ხელს აფარებდნენ, შემდეგ კი ვირთხებივით გაიქცნენ ხომალდიდან, რომელიც იძირება.

მისი ლეიბორისტული პარტია უკვე 12 წელია ხელისუფლებაში დაბრუნებას ვერ ახერხებს. კონსერვატორებს კი პირიქით, ბრექსითისა და ჯონსონის ქარიზმის წყალობით ახლა პარლამენტში უმრავლესობა აქვთ.

წავა თუ არა ჯონსონი

ახალი ბუნტი ტექნიკურად გამორიცხულია ერთი წლის მანძილზე უნდობლობის ვოტუმის ჩავარდნის შემდეგ, რაც ჯონსონთან მიმართებაში ერთი თვის წინ მოხდა. თუმცა ეს წესები პარტიის კომიტეტის მიერ არის დაწერილი და მათი შეცვლაც პარტიასვე შეუძლია. ეს კი მალევე შეიძლება მოხდეს და ჯონსონი ახალი უნდობლობის ვოტუმის წინაშე საპარლამენტო არდადეგების დაწყებამდე – 23 ივლისამდე აღმოჩნდეს.

თუ ის წააგებს, პატიის ლიდერის და პრემიერ მინისტრის პოსტებს დაკარგავს. ახალ პრემიერს პარტიის წევრები მოკლე სიიდან აირჩევენ, რომელსაც საპარლამენტო ფრაქცია განსაზღვრავს.

ჯონსონის შემცვლელად გამოკვეთილი ფავორიტები ჯერჯერობით არ ჩანან. დღემდე თორები ფსონს მასზე დებდნენ, თუმცა სულ უფრო ნაკლებად სჯერათ, რომ ჯონსონი მათ პარტიას მომავალ არჩევნებში გამარჯვებას მოუტანს. თუმცა, პოპულარული ალტერნატივების არარსებობის გამო მისი საბოლოოდ მოშორებაც არ უნდათ. მათ ახსოვთ, რომ ჯონსონს შეუძლია წყლიდან მშრალი გამოვიდეს.

ის წარსულში გაზეთიდან გააგდეს გამოგონილი ციტატების გამო, პარტიული თანამდებობიდან გააგდეს ტყუილისა და ცოლის ღალატის გამო. თუმცა, მისი პოპულარობა მხოლოდ იზრდებოდა.საუკუნეების გასაყარზე ის კომედიური ტელეგადაცემების ვარსკვლავი გახდა, აირჩიეს 2001 წლის პარლამენტში, მოიგო ლონდონის მერის არჩევნები 2008 წელს, სათავეში ჩაუდგა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის წარმატებულ კამპანიას 2016 წელს, პარტიისგან 2019 წლის ზაფხულში პრემიერ მინისტრის პოსტი მიიღო და წელიწად ნახევრის შემდეგ პარტიას საპარლამენტო არჩევნები დიდი უპირატესობით მოაგებინა.

ჯონსონს თავმდაბლობა არ უყვარს და იმ გამარჯვებას არა პარტიის, არამედ მთლიანად საკუთარ დამსახურებად თვლის. ოთხშაბათს პარლამენტში მან ასეთი ფრაზაც თქვა – “ჩემთვის მოცემული მანდატი“.

კითხვაზე, რა გარემოებებში დაფიქრდება გადადგომაზე, ჯონსონმა ოპოზიციას და ამბოხებულ თანაპარტიელებს უპასუხა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა მთლიანად პარალიზებული იქნება, ან… თუ მას ხელს შეუშლიან რომ უკრაინელებს მხარი დაუჭიროს. სხვა მიზეზი მას არ დაუსახელებია.