ჯო ბაიდენმა Covid 19-ის ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა Covid-19–ის საწინააღმდეგო Pfizer–ის ვაქცინის პირველი დოზა კამერების თვალწინ, პირდაპირ ეთერში გაიკეთა. მისი თქმით, უნდა ამერიკელებს აჩვენოს, რომ ვაქცინაცია უსაფრთხოა.

ბაიდენი შეუერთდა პოლიტიკური ლიდერების რიცხვს, რომლებმაც ვაქცინა საჯაროდ გაიკეთეს, მათ შორის არიან ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი და კონრესის სპიკერი ნენსი პელოსი.

“ამას იმის სადემონსტრაციოდ ვაკეთებ, რომ ადამიანები მზად იყვნენ ვაქცინაციისთვის, როგორც კი ეს ხელმისაწვდომი გახდება. საშიში არაფერია“ – თქვა ბაიდენმა დელავერის ქალაქ ნიუარკში ვაქცინაციისას.

ბაიდენის თქმით ტრამპის ადმინისტრაცია ქებას იმსახურებს ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამის დაწყებისთვის.

ბაიდენის ადმინისტრაციის ვიცე–პრეზიდენტი, კამალა ჰარისი და მისი ქმარი, დუგ ემჰოფი ვაქცინის პირველ დოზას მომავალ კვირას გაიკეთებენ.

კვირას ამერიკის კლინიკებში მოდერნას ვაქცინის დარიგებაც დაიწყო, რომელიც გასული კვირის ბოლოს დაამტკიცეს. ამჟამად უკვე აცრილია 500 000 ამერიკელზე მეტი.

ბაიდენის გუნდის მიზანია უფლებამოსილების ვადის დაწყებიდან 100 დღეში 100 მილიონ ამერიკელს ჰქონდეს გაკეთებული Covid19-ის აცრა.