“ჰალსტუხიანთა პარტია”, ენმ და სააკაშვილი – უგულავა თავის ინიციატივას განმარტავს

გიგი უგულავა საკუთარ ინიციატივაზე, ნაციონალური მოძრაობა გახდეს ქოლგა პარტია, Facebook-ზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და საკუთარ მოსაზრებას განავრცობს.

მისი განცხადებით, პატარა პარტიები უნდა გამოვიდნენ “სრულიად არაელექტორალური კატეგორიიდან, რასაც “შუაშიზმს” ეძახიან” და შექმნან ბლოკი, რომელშიც გაერთიანდებიან

ლელო, გახარია საქართველოსთვის, გიორგი მარგველაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი ალასანია, დავით ბაქრაძე, გიორგი ვაშაძე.

“ეს იქნებოდა “თეთესაყელოიანთა” უფრო ზუსტად კი “ჰალსტუხიანთა პარტია”. რეალურად აქ თავს მოიყრიდა დამოუკიდებლობის პერიოდიდან მოყოლებული ქართული ბიზნესისა და სახელმწიფო მოხელეთა ერთობა, დიდი პოლიტიკური და ბიზნეს გამოცდილებით. ამ ბლოკის მიმზიდველობა იმაშია, რომ მას რეალურად შეუძლია ხმები წაართვას ოცნებას. მეტიც ოცნებას წაართვას პოლიტიკური ბიოგრაფია და დატოვოს კობახიძე ღარიბაშვილის ამარა”,– წერს უგულავა.

მისივე აზრით, ეს ბლოკი 20-25% ის ფარგლებში აიღებს და კოალიციის შემთხვევაში რეალური მოთამაშე იქნება.

რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, გიგი უგულავას შეფასებით, ის დღეს, ფაქტობრივად,  ოპოზიციის სინონიმი და ერთადერთი პარტიაა საქართველოში.

“მას აქვს სახელისუფლო მემკვიდრეობაც და ტვირთიც. ამასთანავე ნაცმოძრაობა პარტიის გარდა არის კონკრეტული იდეის მატარებელი. ის დღეს წარმოადგენს ეროვნული მოძრაობის მემკვიდრეობას, მებრძოლს საბჭოთა მემკვიდრეობასთან – ოცნებასთან. ამასთანავე, ენმ რეფორმას საჭიროებს. მისი კარები უნდა გაიღოს და ის მიმზიდველი უნდა გახდეს რაც შეიძლება ფართო ჯგუფებისთვის.

აქაც ისევე როგორც დანარჩენ ოპოზიციაში მთავარი პრობლემა უმსჯელობაა, შიდა დისკუსიის არარსებობა ან მიმალვა როგორც ნეგატიური მოვლენის. არადა პირიქით უნდა იყოს! პარტიას რომელსაც ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი აძლევს ხმას, ვერ იქნება ყველაფერზე ერთ აზრზე”,– წერს უგულავა.

ის პოსტში ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც და აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოში ერთადერთი პოლიტიკოსია, ვისაც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში სტაბილურად აქვს მინიმუმ 25%-იანი მხარდაჭერა.

უგულავას აზრით, სააკაშილი უკვე 8 წელიწადია უკრაინულ პოლიტიკაშია, ამიტომ მან მკაფიო უნდა გახადოს, რას უპირებს თავის უკრაინულ კარიერას. გარდა ამისა, მისი თქმით,
ქვეყანაში არაა ამომრჩეველთა 51%, ვინც სააკაშვილის პრემიერობას დაუჭერს მხარს, სააკაშვილს კი პრობლემები დასავლეთშიც აქვს.

“ამდენად ახლა გვაქვს ვითარება, რომ სააკაშვილი ოპოზიციაში არის ყველაზე მსხვილი ფიგურა (და ასეთად დარჩება კიდევ კარგა ხანი), მაგრამ ის არაა კოალიციის მშენებელი. მის გარეშე არ არსებობს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, ის ფორვარდია, მაგრამ მის გარშემო ივანიშვილის დასამარცხებლად აუცილებელი კოალიცია არ/ვერ იკრიბება.

საქართველოს და უკრაინის ბედი მომდევნო ათწლეულში ერთმანეთზე იქნება გადახლართული. უკრაინა იქცა ქართველებისთვის იმ “დიდ ასპარეზად”, რომელის მსგავსს ისტორიულად ჩვენი მსხვილი მოღვაწეები ეწეოდნენ ქვეყნის ფარგლებს მიღმა – ოსმალეთში, ირანში თუ მოსკოვში. (თუმცა ამათგან განსხვავებით უკრაინა პარტნიორი ქვეყანაა).

ჩემის აზრით, საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის ყველაზე სწორი განვითარების გზაა, როცა აქ მმარველი კოალიციაშია ენმ, საქართველო აძლიერებს უკრაინასთან პარტნიორობას, ხოლო სააკაშვილი ამ პარტნიორობის შემკვრელი რგოლია. ის გაცილებით ძლიერი და წარმატებული იქნება უკრაინაში თუ აქ მეგობრულად განწყობილი თანამოაზრე და თანამებრძოლები არიან მმართველ კოალიციაში. ესაა წარმატების ფორმულა, რომელიც მიშამ შეიძლება მოუტანოს საქართველოს”,– წერს გიგი უგულავა.