ჰეორინის და MDMA-ს შეძენა-შენახვა-გადაზიდვის გამო თურქეთის მოქალაქე დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტ “კარწახის” ტერიტორიაზე თურქეთის მოქალაქე ნახევარი კილოგრამი ჰეროინისა და 99 აბი MDMA-ს შეძენა-შენახვის, შემოტანისა და ტრანზიტის ბრალდებით დააკავეს.

“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაკავებულის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო მანქანის შემოწმებისას, მანქანის სალონში სპეციალურად მოწყობილ სამალავში ნახევარი კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და 99 აბი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება“მდმა“ აღმოაჩინეს, რაც პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო”, – წერია უწყების განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით. აღნიშნული მუხლები გულისხმობს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნას, ასევე, საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვას.