1 კვირაში შენით მოგიწია უკან დახევა, რანაირად არ უნდა ნანობდე? – ხვიჩია მარგველაშვილს

გირჩის ლიდერი და ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი, იაგო ხვიჩია საქართველოს მე–4 პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერებას არ ნანობს.

ხვიჩია ამბობს, რომ ამ საქმეზე თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის ერთ–ერთი ადვოკატი იყო, რამაც დაარწმუნა, რომ “ქოცები იმავეს აგრძელებდნენ და არ აპირებდნენ საბჭოთა საქართველოს დაშლას.”

“არ არსებობდა არც ერთი ფორმალური სამართლებრივი საფუძველიც კი უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის წართმევის (შეჩერება თავისი შინაარსით ეს გამოდიოდა მაშინ).

იმდენად აბსურდი იყო ეს საქმე, რომ იმ სასამართლოში წაღებასაც კი არ ჰქონდა აზრი (მაშინ მურუსიძე and co ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო გადაბარგებული ოცნებაში და ხანდახან ობიექტურობანას თამაშობდნენ) და ერთ კვირაში თავად მარგველაშვილს დავაბრუნებინეთ უკანონოდ წართმეული ავტორიზაცია (რომ არ დაებრუნებინათ, ეს პატივცემული და კახი ყურაშვილი ახლა დასაჭერად იქნებოდნენ გამზადებულნი)”,– წერს ხვიჩია.

ის მესამე პრეზიდენტს ეკითხება, რანაირად არ ნანობს ავტორიზაციის შეჩერებას, მაშინ, როცა 1 კვირაში გადაწყვეტილების უკან წაღება მოუწია.

“თუ ოდნავ მაინც ხარ გულწრფელი, ძალაუფლების პიკში მყოფს, ერთ კვირაში შენით რო მოგიწია უკან დახევა იმდენად ბრუყვულ რამეს რო სჩადიოდი, მაგას რანაირად არ უნდა ნანობდე?

და თუ მომავალი გინდა საჯარო ცხოვრებაში, რანაირად შეიძლება არ გაწუხებდეს ის, რაც ობიექტურად სამარცხვინოა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ოდნავ მაინც მოეკითხება აზრი”,–მიმართავს იაგო ხვიჩია მარგველაშვილს.

აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია 2013 წლის 12-13 მარტს გაუუქმეს. განათლებისა და მეცნიერების მაშინდელი მინისტრი გიორგი მარგველაშვილი აცხადებდა, რომ სამინისტრო და ხარისხის მართვის ცენტრი “ბენდუქიძის, ხატია დეკანოიძის, ურუშაძის, უტიაშვილის და სხვა ყოფილ მაღალჩინოსანთა პოლიტიკური კლოუნადის, პიარის და უსამართლო თავდასხმის მსხვერპლი გახდა”.

უნივერსიტეტს ავტორიზაცია ორ კვირაში აღუდგინეს. გიორგი მარგველაშვილი მაშინ ამბობდა, რომ “ჯგუფი, რომელიც თავის თავს კანონზე მაღლა აყენებდა 9 წლის განმავლობაში, მოსულია შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან, რამდენადაც ეს რთული და გაუგონარი არ უნდა იყოს მათთვის”.