12 ათასზე ნაკლები ადამიანის მობილიზებას ახერხებენ – კობახიძე ოპოზიციაზე

ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილი აქცია კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გარდა, სხვა რისკის შემცველი არ არის.

მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ პარტიები 12 ათას ადამიანზე ბევრად ნაკლების მობილიზებას ახერხებენ.

„რეალურად, არავითარი რისკის შემცველი ეს აქცია არ არის, გარდა ერთისა, ეს არის კოვიდის გავრცელება. მათ ბათუმიდან მოახერხეს ვირუსის ექსპორტირება, სამწუხაროდ, ახლა იგივეს აპირებენ თბილისში და სხვა რაიონებში, რაც ამ პოლიტიკური ძალის სახის კიდევ ერთი მაჩვენებელია. ისინი არ უფრთხილდებიან საკუთარ მოქალაქეებს, დაგეგმილი აქვთ დაახლოებით 12 ათასი ადამიანის შეკრება, თუმცა, ჩვენი მონაცემებით, ისინი ბევრად ნაკლების მობილიზებას ახერხებენ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მათ გეგმებს, კოვიდის გავრცელების გარდა, აღსრულება არ უწერია”,- განაცხადა კობახიძემ.

ის დაწესებული კომენდანტის საათის მიმართ საზოგადოების პროტესტსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ მოქალაქეებს მანიფესტაციებისთვის თითქმის 20 საათი აქვთ.

„მათ დღის და ღამის განმავლობაში აქვთ თითქმის 20 საათი იმისთვის, რომ გააპროტესტონ. მათ რეალურად არ აქვთ პროტესტის შენარჩუნების რესურსი და სხვა რამეებში მიზეზებს ნუ ეძებენ, ეს არის ჩემი მოწოდება“, – აღნიშნა კობახიძემ.

დღეს 15:00 საათზე ოპოზიციური პარტიები პარლამენტთან აქციას გამართავენ. ისინი გაყალბებულ არჩევნებს გააპროტესტებენ და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.