161-ე საჯარო სკოლის 8 პედაგოგს COVID-19 დაუდგინდა – დგებუაძე

განათლების მინისტრის პირველი მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, 161-ე საჯარო სკოლაში წინასწარი ტესტირების ჩატარების შედეგად, 8 მასწავლებელს კორონავირუსი დაუდგინდა, რის გამოც სკოლის ნაწილი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

“რაც შეეხება 161-ე საჯარო სკოლას, სწორედ წინასწარი ტესტირების საფუძველზე გამოუვლინდათ მასწავლებლებს ვირუსი. ამ შემთხვევაში დროულად მოხდა რეაგირება, სკოლის ადმინისტრაციამ მიმართა ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრს და მათი რეკომენდაციის საფუძველზე, სკოლის ნაწილი დისტანციური სწავლების ფორმატზე გადავიდა.

ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ, როდესაც ჩვენ და ჯანდაცვის სამინისტროს ადგილობრივი ცენტრები ერთობლივად ვმართავთ იმ სიტუაციას, რომელიც ყოველდღიურად მიმდინარეობს. ამიტომაც არის კარგი, რომ წინასწარი ტესტირების საფუძველზე, როდესაც ინფექცია ვლინდება, დროული რეაგირება ხდება და არ გვიწევს მთლიანად სკოლის დახურვა. არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული საკლასო ოთახები დისტანციურ სწავლებაზე გადადის”,-განაცხადა დგებუაძემ.