17 ოქტომბერს „ევროპული საქართველო“ მრავალათასიან მსვლელობას გამართავს

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ 17 ოქტომბერს დიდ მსვლელობას გამართავს რესპუბლიკის მოედნიდან ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრისკენ. ამ ფორმით ოპოზიციური პარტია ოპონენტებზე გახშირებულ ძალადობის ფაქტებს გააპროტესტებს. კაპანაძის თქმით, აქცია ყველა წესის დაცვით ჩატარდება, საუბარია პირბადეებზე და დისტანციაზე.

„საარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, პრაქტიკულად 3 კვირაზე ნაკლები დარჩა არჩევნებამდე, „ევროპული საქართველო“ კი აგრძელებს აქტიურ კამპანიას საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის თბილისში. ჩვენ დღეს გვსურს გამოვაცხადოთ, რომ 17 ოქტომბერს, შაბათ დღეს, საღამოს 17:00 საათზე, გვექნება დიდი შეკრება რესპუბლიკის მოედანზე. ეს იქნება მრავალათასიანი შეკრება, სადაც ბუნებრივია დაცული იქნება ყველა წესი და სტანდარტი, რაც უკავშირდება ეპიდემიას, მათ შორის ნიღბები, დისტანცირება და ა.შ.

გვინდა მოვუწოდოთ ჩვენ მხარდამჭერებს, რომ შემოგვიერთდნენ შაბათს, 17:00 საათზე ამ დიდ აქციაზე. აქციის დასრულების შემდეგ გვექნება მსვლელობა იმ ადგილისაკენ, საიდანაც მოდის ყველა ბოროტება და ყველა პრობლემა. ეს არის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრი, რომელიც არის წყარო დღეს არსებული უმუშევრობის, სიღარიბის და უსამართლობის, რისი გამოვლინებაცაა ბოლო პერიოდში კარტოგრაფების საქმე.

ამიტომ, შაბათს, 17:00 საათზე, ყველა ადამიანს, რომელიც უკმაყოფილოა დღევანდელი მდგომარეობით, ვეპატიჟებით რესპუბლიკის მოედანზე, რათა შემდეგ ყველამ ერთად მოვაწყოთ საჩვენებელი მსვლელობა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრისაკენ. ვაჩვენოთ მას თუ რამდენი ვართ და დავემშვიდობოთ ცოტა ნაადრევად არჩევნების დღემდე, გავუგზავნოთ ეს ძალიან ძლიერი შეტყობინება“, – განაცხადა კაპანაძემ.