23 ქართველი მეზღვაური იყო ტანკერზე, რომელსაც ირანი სპარსეთის ყურეში თავს დაესხა – გასულ ღამეს, ერაყის ტერიტორიულ წყლებში მცურავ რამდენიმე ტანკერს, ირანი თავს დაესხა. მეზღვაურები მომხდარს ტერაქტს უწოდებენ, და აცხადებენ, რომ გარდა ნავებით ტანკერებთან მიტანილი ასაფეთქებელი საშუალებებისა, რომლებიც, სავარაუდოდ, დისტანციურად იმართებოდა, ხომალდების წინააღმდეგ დრონებიც გამოიყენეს.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ დაადასტურა ფაქტი იმის შესახებ, რომ ტანკერები ირანის უპილოტო წყალქვეშა აპარატმა ააფეთქა.
თავდასხმის სამიზნე ხომალდებიდან ერთს, მალტის დროშით მცურავ Zefyros-ს, ქართველი კაპიტანი ჰყავდა – ამ გემზე, ჯამში, 23 ქართველი მეზღვაური იყო.”რადიო თავისუფლებას” დაუდასტურეს, რომ თავდასხმის სამიზნე ორი ხომალდიდან ერთ-ერთს, რომელიც მალტის დროშის ქვეშ დაცურავდა, ქართველი კაპიტანი ჰყავდა. ამას გარდა, გემ Zefyros-ზე კიდევ 22 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა.
ერთ-ერთი მეზღვაურის ცოლი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ გადარჩენილები უკვე ხომალდზე არიან გადაყვანილი და მათ საფრთხე აღარ ემუქრებათ. თავდასხმის შედეგად დადასტურებულია ერთი მეზღვაურის დაღუპვა – მისი ვინაობა და ეროვნება გავრცელებულ ცნობებში არ კონკრეტდება.
“მე ვესაუბრე წუხელ ღამის 12 საათზე და ყველაფერი კარგად იყო, მერე თვითონ დამირეკა ღამის 2-ის ნახევრისთვის, ჩქარ-ჩქარა მითხრა: “ყველა კარგად ვართ, ყველა გადავრჩით” და ბოლოს უკვე დილას ველაპარაკე – ამათ ტანკერს დრონიც მოხვდა, ყველაფერი დაიწვაო. მეორე ტანკერზე იყო მსხვერპლი. ერაყის პორტში არიან გადაყვანილები”, – უთხრა რადიო თავისუფლებას მეზღვაურ ირაკლი ჯაშის ცოლმა, ნინჩო სურმანიძემ.















