19 ინფიცირებულიდან 8 ლილოს ბაზრობიდანაა, 3-ის ინფიცირების წყაროს კვლევა გრძელდება – ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან: 8 შემთხვევა ლილოს ბაზრობიდანაა, 5 შემთხვევა გაჩიანიდან, 2 იმპორტირებულია, 1 სამედიცინო პერსონალი, 3 შემთხვევაზე კი კვლევა გრძელდება, ანუ წყარო ჯერჯერობით უცნობია.

ეზუგბაიამ საზოგადოებას მოუწოდა, რეგულაციები შეასრულონ.

“სადაც დისტანცირება შესაძლებელია, დისტანცირება უნდა წარმოებდეს, თუ ეს შეუძლებელია, პირბადეები აუცილებლად უნდა გვეკეთოს, გარდა ამისა, თავი უნდა შევიკავოთ თავყრილობებისგან და ჩვენ თვითონ არ უნდა შევქმნათ ასეთი პრეცენდენტები. ეს რეგულაციები შექმნილია ჩვენთვის, იმისთვის რომ დავიცვათ ჩვენი თავები”,– თქვა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში სულ 214 პაციენტი მკურნალობს.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირებულთა რაოდენობა 1104-მდე გაიზარდა, მათგან 912 გამოჯანმრთელდა, 16 გარდაიცვალა.