COVID-19: საფრანგეთი ხანგრძლივი ბრძოლისთვის ემზადება.ქვეყანაში სიტუაცია მძიმდება

საფრანგეთში კორონავირუსმა სწრაფი ტემპებით გავრცელება დაიწყო. ბოლო 24 საათში აქ 365 ადამიანი გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 1696 ადამიანი, დაინფიცირებულია 29 155, დაფიქსირდა 3 922 ახალი შემთხვევა. ლეტალური შემთხვევების უმრავლესობა ხანდაზმულთა სახლებზე და საავადმყოფოებზე მოდის. მედიკოსები უკვე ზღვარზე მუშაობენ. გადავსებული კლინიკების განსატვირთად და პაციენტების ნაკლებ დატვირთულ კლინიკებში გადასანაწილებლად ხელისუფლებამ საქმეში სამხედროები ჩართო.

პრემიერ მინისტრმა, ედუარდ ფილიპმა თანამოქალაქეები გააფრთხილა, რომ პანდემიის ნეგატიურ გავლენასთან ბრძოლა ხანგრძლივი იქნება.
“ჩვენ ჯანდაცვის სფეროში საგანგებო სიიტუაცია გვაქვს. დღეს ეს ყველას ადარდებს. ჩვენ ეკონომიკური შოკის და სოციალური რყევების გადატანა მოგვიწევს. ჩვენ კრიზისის საწყის ეტაპზე ვართ. პრეზიდენტმა კვლავ მოითხოვა მთავრობისგან საგანგებო ზომების მიღება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ გრძელვადიანი ძალისხმევისა და დატვირთვისთვის. ჩვენ ამას შევეჯახებით.“

რამდენიმე ფრანგულ ქალაქში, მათ შორის კანში ხელისუფლების ინიციატივით ქუჩების და ამ დროისთვის ყველაზე ხალხმრავალი ადგილების – აფთიაქების და სასურსათო მაღაზიების დეზინფიცირება დაიწყო.

ნიცის ცენტრში მოხალისეებმა ხანდაზმულებისთვის სურსათის მიწოდების ორგანიზება გააკეთეს. რაიონში გამოკიდეს განცხადებები ტელეფონის მითითებით, რომლებზეც დახმარების მსურელებს დარეკვა შეუძლიათ. ძირითადად პენსიონერები დახმარებას ითხოვენ წყლის, პურის, ბრინჯის, მაკარონის და წამლების შეძენაში. ხანდაზმულთა თავშესაფრებში კატასტროფული სიტუაციაა. ინფექციისგან ათობით მათი ბინადარი იღუპება.