საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა.
ვიზიტის ფარგლებში ილჰამ ალიევი ქართული ოცნების პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს და ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს შეხვდება.
“საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია, რის შემდეგაც დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
გაიმართება ირაკლი კობახიძისა და ილჰამ ალიევის შეხვედრები როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი გმირთა მოედანზე გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, ასევე პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის ხსოვნას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.















